პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, თანამომხსენებლებს საქართველოს საკითხებში, ედიტ ესტრელასა და კლოდ კერნს შევხვდი.
შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები განვიხილეთ. საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.
მიმოვიხილე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.
ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს ოპოზიციის ტაქტიკა გავაცანი, რომელიც პარლამენტის ბოიკოტს ითვალისწინებს და ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიციისათვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღს წარმოადგენს.
საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს.
ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირთან ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული და საქართველომ უახლოეს წლებში შეძლოს ყველა სტანდარტისა და მოთხოვნის დაკმაყოფილება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება”, – წერს შალვა პაპუაშვილი.