ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს არ დაუგეგმავს – ირანის პრეზიდენტი
ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს არ დაუგეგმავს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ჟურნალისტმა ფეზეშქიანს დონალდ ტრამპის მკვლელობის ირანული გეგმის არსებობის შესახებ ჰკითხა, მან კი ხაზგასმით უპასუხა, რომ არანაირი გეგმა არ არსებობს.
„არა. ჩვენ ეს არასდროს გვიცდია და ამას არც არასდროს გავაკეთებთ. ირანს ვინმეს მკვლელობა არასდროს არ უცდია და არ დაუგეგმავს. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც მე ვიცი“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მზად არის.
„პრობლემას დიალოგი არ წარმოადგენს. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ რის შესახებაც არ უნდა ვისაუბროთ, ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ და არა პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.