ირაკლი ქადაგიშვილი – მასკის ტვიტზე: ორმაგ სტანდარტს ხომ ჩვენ არ ვთამაშობთ – ჩვენ ვთამაშობთ ზუსტად დემოკრატიული, მართლაც კლასიკური ლიბერალური წესებით, რა წესებითაც ახლა ევროპა აპროტესტებს ვიღაცის ჩარევას – ერთ ტვიტს აპროტესტებენ
ორმაგ სტანდარტს ხომ ჩვენ არ ვთამაშობთ – ჩვენ ვთამაშობთ ზუსტად დემოკრატიული, მართლაც კლასიკური ლიბერალური წესებით, რა წესებითაც ახლა ევროპა აპროტესტებს ვიღაცის ჩარევას – ერთ ტვიტს აპროტესტებენ, – ამის შესახებ გერმანიის საარჩევნო პროცესში შესაძლო ჩარევის საკითხზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ევროპული ორბიტა და ამერიკული ორბიტა ძალიან დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. ეს არის ევროატლანტიკური ორბიტა, სადაც წამყვანი როლი ეკუთვნოდა, ეკუთვნის და მომავალშიც ასე იქნება, ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებს. ის, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში და მას რა ბულინგიც დაატეხეს თავს, ვნახეთ. ამ პოლიტიკური ლიდერის პოზიციაც ნათელი იყო, რომელიც სრულად კონსტრუქციულად იყო განწყობილი. შემდეგ ჩვენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებული უდიდესი ბულინგიც ვნახეთ, მაგრამ ამ ადამიანმა, მიუხედავად ამ ბულინგისა, შეძლო, წერილობით იყო თუ შემდეგ ბრიფინგის მეშვეობით, გადმოგვცა მისი ძირითადი გზავნილები. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ევროპაში ყველა არ ფიქრობს ისე, როგორც დღეს ჯერ კიდევ არსებული მეინსტრიმი მოქმედებს.
ამავდროულად, ჩვენ დავაკვირდეთ, როგორია ევროპის რეაქცია, მაგალითად, როდესაც მასკი ტვიტერზე რაიმე ტექსტს გამოაქვეყნებს. მაგალითად, ახლა მასკის პლატფორმაზე და გერმანიის ერთ-ერთი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის არის ბრიფინგი გამართული. ევროკავშირის 150 სპეციალისტი აკვირდება, ეს განიხილონ თუ არა, როგორც გერმანიის საარჩევნო პროცესში ჩარევად.
ორმაგ სტანდარტს ხომ ჩვენ არ ვთამაშობთ – ჩვენ ვთამაშობთ ზუსტად დემოკრატიული, მართლაც კლასიკური ლიბერალური წესებით, რა წესებითაც ახლა ევროპა აპროტესტებს ვიღაცის ჩარევას – ერთ ტვიტს აპროტესტებენ. მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში კი ჩვენ ვნახეთ, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის შემოგზავნიდან, ქვეყნის დამაზიანებელი უამრავი რეზოლუციები და განცხადებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს იმით დამთავრებული, რომ თურმე, საქართველო არის პრო ჩინური და პრო ირანული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.