დიმიტრი ხუნდაძე: პია კაუმას ვიზიტის გაუქმება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეუთო/ოდირი არჩევნების კიდევ ერთი აღიარების დემონსტრირებას ახდენდა და მას თავს დაესხნენ
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” ხელმძღვანელი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საზოგადოებას ომის საფრთხის არსებობის დანახვა გაუადვილდება თუ პროცესებს კარგად დააკვირდება.
„პია კაუმას ვიზიტის, დაბულინგების შემდეგ, გაუქმება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეუთო ოდირი არჩევნების კიდევ ერთი აღიარების დემონსტრირებას ახდენდა და მას თავს დაესხნენ.
თუმცა, მის ბოლო განაცხადშიც მხოლოდ რეკომენდაციების განხილვაზეა საუბარი, რაც ოპოზიციას და მის პატრონებს არ აწყობთ.
ქვეყანა შიგნიდან ვერ არიეს და გარედან დაიწყეს შანტაჟის გაძლიერება. ვერ გატეხეს საზოგადოების უმრავლესობა, ვერ დაშალეს ხელისუფლება და მთლიანად მმართველი გუნდი. არჩევნებში ვერ დაადებინეს საკუთარ მორჩილ აქაურ აგენტურას სასურველი შედეგი და “ეს არ ითვლებაო”.
საზოგადოება, თუ კარგად დააკვირდება პროცესებს, უფრო გაუადვილდება ომის საფრთხის არსებობის დანახვა, ის რაც ჯერ კიდევ არსად გამქრალა და მეგობრებსა და მტრებს ადვილად განასხვავებს ერთმანეთისგან.
ფრთხილად საქართველო!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.