ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების “კანდიდატები” ცნობილია
2025 წლის 15 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ხუთი პოლიტიკოსი აპირებს. ესენი არიან: “სახელისუფლებო კანდიდატი”, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა, “ოპოზიციის” კანდიდატი, ადგურ არძინბა, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში, ოლეგ ბარციცი, ოკუპირებული აფხაზეთის კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი, რობერტ არშბა და ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო პარტიის ლიდერი, შამილ აძინბა.
როგორც მედია წერს, ბადრა გუნბასთვის მთავარი კოზირი მოსკოვის პირდაპირი მხარდაჭერაა. კრემლმა პირველად შეცვალა მიდგომა ოკუპირებული აფხაზეთის არჩევნების მიმართ. მედიის ცნობით, ეს დაკავშირებულია ნოემბრის მოვლენებთან, როდესაც “ოპოზიციამ” ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავა და აიძულა ასლან ბჟანია, გადამდგარიყო. ე.წ. ოპოზიციის დამსახურებით, “პარლამენტმა” არ მოახდინა რუსულ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება. სწორედ ამიტომ, კრემლი ახლა ღიად უჭერს მხარს ბადრა გუნბას.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების უმეტესობის აზრით, არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 50%-ზე მეტს.