ლევან იოსელიანი: მე ვსაუბრობ ყველაფერზე, ინფორმაციის დამახინჯების საშუალებას არ ვაძლევ არც ოპოზიციას, არც კრიტიკულ მედიას და არც სამთავრობო მედიას
“თუ მედია ხშირად შეეცდება ჩემს დისკრედიტაციას, მე ვერაფერს დავუპირისპირებ. რა ვქნა, არა მაქვს ჩემი მედია, რომ სიმართლის მტკიცება დავიწყო. არ მოსწონთ ჩემი ობიექტურობა. მე ვსაუბრობ ყველაფერზე, ინფორმაციის დამახინჯების საშუალებას არ ვაძლევ არც ოპოზიციას, არც კრიტიკულ მედიას და არც სამთავრობო მედიას”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
იოსელიანმა ინტერვიუში, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
“დიახ, მომიტინგეებზე ნამდვილად არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, განსაკუთრებით დაკავების შემდეგ. იზოლატორებში მყოფ პირთა უმრავლესობა ამბობდა, რომ დაკავების შემდეგ სცემეს. რა თქმა უნდა, პოლიციას აქვს ლეგიტიმური უფლება დააკავოს ნებისმიერი მოქალაქე, თუკი კანონს დაარღვევს. აქციაზე ნამდვილად იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც კანონს არღვევდნენ – პოლიციას პიროტექნიკის საშუალებით ცეცხლს უხსნიდნენ, პარლამენტში ცეცხლი გააჩინეს და მათი დაკავება ნამდვილად ლეგიტიმური იყო, მაგრამ ყოვლად დაუშვებელი იყო მათი ცემა და ზემოქმედების სხვა საშუალებები. უამრავი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში. იყო შემთხვევები, როდესაც ხალხი იმ ქუჩებზეც დააკავეს, სადაც აქცია არ იყო.
ვერ ვიტყვი, რომ სისტემურ წამებასთან გვაქვს საქმე, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში წამების ფაქტებიც იყო. ჩვენი შეფასებით, ცალკეულმა შემთხვევებმა ნამდვილად შეიძლება მიაღწიოს წამების უმაღლეს სტანდარტს, თუმცა ჩვენ მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებთ, ეს ყველაფერი გამოძიების საკითხია… ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ აქციებზე დაკავებულებზე ძალადობის ფაქტებზე დღემდე მართლაც არავინ დასჯილა. ვფიქრობ, ასე გაგრძელება შეუძლებელია. დამნაშავე პოლიციელებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე და ეს უნდა იყოს პრევენცია იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი გადაცდომები აღარ მოხდეს. იმაზე, რომ არაფორმალური, ნიღბიანი პირები უპირისპირდებიან აქციის მონაწილეებს და ძალადობენ მათზე, როგორც ვიცი, მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება. ურთიერთბრალდებები რომ არ იყოს, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ამ საქმეების ობიექტურად გამოძიება. სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, ისინი ოპოზიციის პროვოკატორები არიან, მმართველი პარტიის დავალებებით მოქმედებენ თუ უბრალოდ კრიმინალები არიან. სხვა შემთხვევაში მარჩიელობა გამომივა. ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გამოძიება, იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მით მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება.
წაქცეულ ახალგაზრდას სახეში წიხლი რომ ჩაარტყეს. ის ბიჭი ჩემი შვილის ტოლია. მე ის კლინიკაშიც მოვინახულე. ძალიან მძიმე იყო მისი მდგომარეობა. მადლობა ღმერთს, დღეს უკეთ არის, თუმცა საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ასევე მძიმე იყო ჟურნალისტების, მაგალითად, როგავას ცემის ფაქტი. ვნახე მოქალაქეები, რომლებსაც სახის ძვლები ჰქონდათ ჩამტვრეული… მართლაც ძალიან მძიმეა თითოეული მათგანის საქმე…. როდესაც ტელევიზია თავის სიუჟეტს ამ ფრაზით დაიწყებს “ოცნების” სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს პატიმრების დასახმარებლადო, ბუნებრივია, მონაწილეებს პროტესტი უჩნდებათ. უბრალოდ, ეს ყველაფერი ტყუილი იყო. თუ ვინმემ რამე გააკეთა საპროტესტო აქციის დაზარალებული მონაწილეებისთვის, ეს იყო სახალხო დამცველის აპარატი. ყველა ინფორმაცია, რომელიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ, ჩვენ მოვიპოვეთ და მივაწოდეთ. პირველები ჩვენ ვნახულობდით დაზარალებულებს. პირველი რგოლი, ვისაც დაზარალებულები დახმარებას სთხოვდნენ, ჩვენ ვიყავით, პირველად ჩვენ ვუკავშირდებოდით მათ ოჯახებს. ყველა ის ხალხი ჩვენი მადლიერია, მაგრამ ვისაც ჩემი პერსონალური რეპუტაციის შელახვა სურს, მათ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ.
თუ მედია ხშირად შეეცდება ჩემს დისკრედიტაციას, მე ვერაფერს დავუპირისპირებ. რა ვქნა, არა მაქვს ჩემი მედია, რომ სიმართლის მტკიცება დავიწყო. არ მოსწონთ ჩემი ობიექტურობა. მე ვსაუბრობ ყველაფერზე, ინფორმაციის დამახინჯების საშუალებას არ ვაძლევ არც ოპოზიციას, არც კრიტიკულ მედიას და არც სამთავრობო მედიას. ეს, როგორც წესი, არავის არ მოსწონს, ყველას სურს მათ ნარატივში ჩავჯდე, ვილაპარაკო ის, რაც მათ აწყობთ, ხოლო რაც არ აწყობთ, თვალი დავხუჭო. მე ამას არ ვაკეთებ, მშვიდობიანი მომიტინგეების ცემის ფაქტებზეც ვლაპარაკობ და იმ აგრესიულ ჯგუფებზეც, რომლებიც იქით ძალადობდნენ პოლიციელებზე. ნამდვილად არიან დაზარალებული პოლიციელები. რაოდენობა ჩემთვის უცნობია, კლინიკებში მე ისინი არ მომინახულებია – მე ჩემი მანდატი მავალდებულებს დავიცვა ის პირები, ვისაც სისტემა ჩაგრავს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიციელებზე თავდასხმას გავამართლებ… მყავს მადლიერი ხალხიც – დაზარალებულები, რომლებსაც დავეხმარე… ალბათ, შენიშნეთ, რომ საქართველოში ჩამოსული ყველა მაღალი დონის სტუმარი მოდის სახალხო დამცველთან, ყველა დასავლური ქვეყნის ელჩი მოვიდა ობიექტური ინფორმაციის მისაღებად. მათ ლევან იოსელიანის ლამაზი თვალები კი არ მოსწონთ, იციან, რომ აქ მიიღებენ კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც არ არის კონკრეტულ პოლიტიკურ ნარატივსა და ინტერესს მორგებული.
სახალხო დამცველის ოფისი სახელმწიფო ინსტიტუციაა. როდესაც მე ვგზავნი წერილს და ვკითხულობ ინფორმაციას ამა თუ იმ დაკავებულის შესახებ, ეს ნიშნავს, ვაღიარებ იმ ინსტიტუციას, რომელსაც ველაპარაკები. სხვაგვარად შეუძლებელია, მაშინ უნდა დაიხუროს სახალხო დამცველის აპარატი. პარლამენტის შეკრება იყო სრულიად ლეგიტიმური, ისევე როგორც ჩემი იქ ყოფნა და ეს დაადასტურა საკონსტიტუციო სასამართლომ. რაც შეეხება არჩევნებს, მონიტორინგი მე არ ჩამიტარებია, შესაბამისად, მე არ შემიძლია ვისაუბრო არჩევნების ლეგიტიმაციაზე. ამაზე უნდა ისაუბრონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. მათ შორის მე ყველაზე ობიექტურ ორგანიზაციას ვეყრდნობი – ეს არის ეუთო/ოდირის დასკვნა. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, სისტემური იყო თუ არა დარღვევები. ამიტომ არ ვიცი, რაზე მედავებიან. უფრო სწორად, ვიცი, მედავებიან იმაზე, რომ არ მჯერა სისულელეების – მაგალითად, ასიათასობით მოქალაქეს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა. სამი თვეა ვითხოვ, ერთი კაცი მაინც მომიყვანეთ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოართვეს-მეთქი, მაგრამ დღემდე ვერ მომიყვანეს. თუ მტკიცებულებას მომიტან, ვერავინ გამაჩერებს”, – აცხადებს ლევან იოსელიანი.