პროკურორი: ბექა ჯაიანი, კესარია აბრამიძესთან ყოფნის პერიოდში, მის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ ფიზიკურ, ძალადობრივ ქმედებებს

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს.

ადვოკატის სალომე არდოტელის განცხადებით, ბრალდებული მკვლელობის ნაწილში თავს დამნაშავედ გრძნობს და აღიარებს დანაშაულს, თუმცა იმას, რომ მან დანაშაული გენდერის ნიშნითა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა, არ ეთანხმება.

“დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ მოუპოვებია. შესაბამისად, არ წარმოგვიდგენია სასამართლოში, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ბექა ჯაიანი თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და იგი აღიარებს მის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ბუნებრივია, ნანობს აღნიშნულს, თუმცა არ ვეთანხმებით იმას, რომ 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით და არ ვეთანხმებით ასევე იმას, რომ ეს დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით”, – აცხადებს ადვოკატი.

პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, სასამართლოს გამოძიების მიერ მიწოდებული ყველა სახის მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

“ყველა მტკიცებულება, რაც გამოძიების მხრიდან იყო მოცემული ბექა ჯაიანის მიმართ, დასაშვებადაა ცნობილი და მოხდება მათი არსებითი განხილვის ეტაპზე, როგორც მტკიცებულებების გამოკვლევა.
გამოძიებამ მოიპოვა მოწმეთა ჩვენებები, ასევე კესარია აბრამიძის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა ფოტოსურათების სახითაც, სადაც გარდაცვლილის ფიზიკური დაზიანება აღინიშნება, გამოთხოვილი იქნა აუდიო, ვიდეოჩანაწერები, რომლითაც დადგინდა ის გარემოება, რომ ბექა ჯაიანი, კესარია აბრამიძესთან ყოფნის პერიოდში მის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ ფიზიკურ, ძალადობრივ ქმედებებს”, – აცხადებს პროკურორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები