პოლონეთში 38 წლის საქართველოს მოქალაქე სასტიკად მოკლეს: დაკავებულია ორი პირი
პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა 38 წლის საქართველოს მოქალაქის, გიორგი ჭილაშვილის მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გახსნეს.
სასტიკი თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია ორი ადგილობრივი მცხოვრები – 25 წლის გრაციან ფ. და 23 წლის მარტინ კ.
ტრაგედია 25 აპრილის ღამეს მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში განხორციელდა.
თავდამსხმელები მსხვერპლს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს მრავალჯერადი დაზიანება ხელებითა და ფეხებით, სხეულის სხვადასხვა არეში. მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად, საქართველოს მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წაუყენა “ჯგუფურ ცემაში, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები და მსხვერპლი ერთმანეთს არ იცნობდნენ. მკვლელობას წინ არ უძღოდა რაიმე სახის კონფლიქტი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თავდასხმა მოულოდნელი და უმიზეზო იყო.
მიმდინარე გამოძიების ინტერესების სათანადოდ დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, პროკურორმა ორივე ეჭვმიტანილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა წარადგინა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პოლონური გამოცემები (მათ შორის RMF24 და Gazeta Lubuska) აქცენტს აკეთებენ თავდამსხმელების განსაკუთრებულ სისასტიკეზე. სტატიებში აღნიშნულია, რომ მსგავსი აგრესია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ადგილობრივ საზოგადოებაში შეშფოთებას იწვევს.
საქართველოს საკონსულო პოლონეთში საქმის კურსშია და პროცედურულ საკითხებში ჩართულია.