ისრაელმა დუბლინში თავისი საელჩო დახურა

ისრაელმა ირლანდიის დედაქალაქში, დუბლინში, თავისი საელჩო დახურა,- ცნობა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა გაავრცელა.

მისივე თქმით, ირლანდიის ანტისემიტური მოქმედებები და რიტორიკა ებრაული სახელმწიფოს დელეგიტიმაციას და დემონიზებას, ასევე, ორმაგ სტანდარტებს ეფუძნება. საარმა დასძინა, რომ ირლანდიამ ისრაელთან ურთიერთობაში ყველა წითელი ხაზი გადალახა.

მაისში, ირლანდიამ ესპანეთთან და ნორვეგიასთან ერთად, ოფიციალურად აღიარა პალესტინელთა სახელმწიფო, რითაც ისრაელის ხელისუფლების მძაფრი რეაქცია გამოიწვია.

გასულ კვირას, ირლანდია შეუერთდა გაერო-ს სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილ სარჩელს ისრაელის წინააღმდეგ, რომელსაც ღაზის სექტორში პალესტინელთა გენოციდში ადანაშაულებენ.

ისრაელი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. საერთაშორისო სასამართლომ სარჩელი განსახილველად მიიღო, რასაც, სულ მცირე, რამდენიმე წელი დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები