მედია: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბჟანია მონაწილეობას არ მიიღებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მონაწილეობას არ მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „ინტერფაქსს“ ბჟანიას ადმინისტრაციიდან მიაწოდეს.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ასლან ბჟანია რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განუცხადეს რუსულ სააგენტოს ბჟანიას ადმინისტრაციაში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, საკუთარი კანდიდატურა, შესაძლოა, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ დაასახელოს.
სხვა კანდიდატებს შორის სააგენტოს წყარომ დაასახელა “ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძინბა, რუსეთის ფედერაციაში სოხუმის ყოფილი წარმომადგენელი ოლეგ ბარციცი და ე.წ. კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა.
ცნობისთვის, მანამდე, თავად ბჟანიამ განაცხადა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2025 წლის 15 თებერვალს უნდა გაიმართოს, მონაწილეობის მიღებას გეგმავდა.