საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო. პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს და პროცესს ცესკო უზრუნველყოფს.

ხმის მიცემის დაწყებამდე კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.

მისი თქმით, კენჭისყრა ღიაა, კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ, ხმის მიცემა კი ანბანური თანმიმდევრობით განხორციელდება. კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.

პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება. ყაველაშვილი “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.

პრეზიდენტს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია ირჩევს. პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება.

პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას პარლამენტი ცესკოს მეშვეობით უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები