გიორგი კახიანი: სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის ცდილობს, ხელი შეუშალოს კონსტიტუციურ პროცესებს – მთლიანად ამოვარდნილია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან
მოგეხსენებათ, ინაუგურაციის დღე ითვლება მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დღედ. სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის ცდილობს, ხელი შეუშალოს კონსტიტუციურ პროცესებს. მთლიანად ამოვარდნილია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან პრეზიდენტის ინტერვიუც გაიხსენა და აღნიშნა, რომ განცვიფრებული დარჩა იმით, თუ როგორ არასახელმწიფოებრივად მსჯელობს ზურაბიშვილი მთელ რიგ საკითხებზე.
„ფაქტობრივად, ყოველი მისი მოსაზრება სრულიად ამოვარდნილია რეალობიდან. ყველაფერი ეს მისი შეფასებისა და ანალიზის უნარზე მეტყველებს. მან თქვა – „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაასწრო ადამიანის უფლებების დარღვევის, ბიზნესის დამონების, არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით და რუსეთთან მიმართებაშიო. ანუ, ის კატასტროფა, რაც ამ ოთხივე მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა! მისი ანალიზით, წარმოიდგინეთ საითკენ მიდის, რომ თურმე, „ქართული ოცნების“ დროს ადამიანის უფლებები ირღვევა მეტად, ვიდრე ეს ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო და დღეს ჰკითხეთ ბიზნესმენებს, აბა, როგორ მდგომარეობაში არიან“, – განაცხადა კახიანმა.