ზელენსკი – რუსეთის სარაკეტო იერიშზე: ეს არის პუტინის “სამშვიდობო გეგმა” – გაანადგუროს ყველაფერი

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, 93 რაკეტა გაუშვეს, მათ შორის მინიმუმ ერთი ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, უკრაინამ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით 81 რაკეტა ჩამოაგდო, მათ შორის 11 ფრთოსანი რაკეტა.

„გარდა ამისა, რუსებმა ამ შეტევაში 200-მდე დრონი გამოიყენეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს არის პუტინის “სამშვიდობო გეგმა” – გაანადგუროს ყველაფერი. ასე სურს მას “მოლაპარაკებები” – მილიონობით ადამიანის დატერორებით. ის არც შორ მანძილზე დარტყმის განხორციელებაშია შეზღუდული და არც რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების შეძენაში. ნავთობი აძლევს პუტინს იმდენ ფულს, რომ დაიჯეროს მისი დაუსჯელობა. მსოფლიოსგან ძლიერი რეაქციაა საჭირო: მასიურ შეტევას მასიური რეაქცია უნდა მოჰყვეს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ტერორის შეჩერება“, – წერს ზელენსკი.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს.

„საჭიროა Patriot-ები ამ რაკეტების ჩამოსაგდებად და იმის დასამტკიცებლად, რომ ტერორი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს, პუტინს ცარიელი ლაპარაკი არ შეაჩერებს – მშვიდობის დასამყარებლად სიძლიერეა საჭირო. ძალა, რომელსაც არ ეშინია ბოროტებასთან დაპირისპირებისა და შეჩერების უნარის. მსოფლიოს შეუძლია შეაჩეროს ეს სიგიჟე და ამისათვის მან ჯერ უნდა შეაჩეროს სიგიჟე მოსკოვში, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ტერორის ბრძანებას გასცემს. საჭიროა ძალა. უკრაინა მადლიერია ყველასი, ვინც ეხმარება“, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, საჰაერო განგაში ქვეყნის ყველა რეგიონში გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები