ქეთი დოლიძე: ბევრი რამეა დასაფიქრებელი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს – ყველა უნდა დაფიქრდეს, ხალხიც და რაც მთავარია, ხელისუფლება
“ადამიანი ასე სასტიკად არ უნდა იყოს დაჯარიმებული”, – ასე გამოეხმაურა რეჟისორი ქეთი დოლიძე სასამართლოს მიერ მსახიობ გიორგი ნაკაშიძის სამართალდამრღვევად ცნობას და მის დაჯარიმებას.
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებზე ყველა უნდა დაფიქრდეს, ხალხიც და რაც მთავარია, ხელისუფლება.
„ძალადობა ორივე მხრიდან ხდება, სამწუხაროდ, სამართალდამცველები უფრო უნდა იყვნენ გაფრთხილებული და მათი მხრიდან არ უნდა იყოს ასეთი ძალადობა, საერთოდ არ შეიძლება ასეთი ესკალაცია, დაძაბულობა.
პასუხისმგებლობა, გინდათ თუ არ გინდათ, ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება. რა თქმა უნდა, უნდა დაეკისროს იმ ადამიანსაც, რომელიც ასე მიდის და იბრძვის. ეს არეულობა, რომელიც არის ქვეყანაში, არ მგონია მხოლოდ შიგნით საქართველოს პრობლემა იყოს, სხვა მხრიდანაც მოდის ეს პრობლემა, ეს დაძაბულობა და ყველაფერი. არ ვიცი, მაგრამ არასასიამოვნოა.
ბევრი რამეა დასაფიქრებელი, რასაც უნდა გაეცეს პასუხი, ასე ადვილად არ შეიძლება. ყველა უნდა დაფიქრდეს, ხალხიც უნდა დაფიქრდეს და რაც მთავარია, ხელისუფლება“, – განაცხადა დოლიძემ.