“მიხეილ ყაველაშვილი არის ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი, მკაფიო საკუთარი პოზიციით, ის იქნება ღირსეული, ამ ქვეყნისთვის უღალატო პრეზიდენტი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ სკამის ჩაბღაუჭების მომენტი საინტერესო იქნება.
„ძალიან საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილის მიერ სკამის ჩაბღაუჭების მომენტი. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თუკი რაიმე ნორმა არსებობდა, თუკი რაიმე მორალური ნორმა არსებობდა, ყველაფერს არღვევდა, მას არ უთქვამს და უქნია ასეთი რამ, მე რომ ვადა გამივიდა, მაინც მე ვიქნებიო. ასეთი რამ სააკაშვილს არ უქნია, იმდენად მძიმე ემოციური ფონი აქვს სალომე ზურაბიშვილს, როცა ამას ამბობს. თან ოპოზიცია რომ ჰქვია, რეალურად აგენტურული ოპოზიცია, მის ამ ნათქვამს მიჰყვება.
რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ავირჩევთ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც არის პირველ რიგში, სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებით გამორჩეული. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვიხელმძღვანელეთ. მას აქვს სხვა საუკეთესო პიროვნული თვისებები. ის არის ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი, მკაფიო საკუთარი პოზიციით და ეს ყველაფერი იძლეოდა იმის საფუძველს, გვეფიქრა, ის იქნება ღირსეული, ამ ქვეყნისთვის უღალატო პრეზიდენტი. წინა შემთხვევაში ჩვენ ასეთი ფუფუნება არ გვქონია. თუკი რაიმე შეცდომებზე შეიძლება ვისაუბროთ, ალბათ ეს მაინც მარგველაშვილს, სალომე ზურაბიშვილს შეეხება. ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო რომ მდგარიყო ობიექტურობის მხარეს“,- განაცხადა მდინარაძემ.