ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, ეწყობა ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი საავტომობილო ხიდი, რომლის სიგრძე 433 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე, საგზაო ნაწილში ხორციელდება გრუნტის გამაგრების სამუშაოები, რაც გულისხმობს ვერტიკალური სადრენაჟე ფითილების, ქვის ხიმინჯებისა და საგზაო სამოსის მოწყობას.
მიმდინარე სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს.
ვაჭარაძემ ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხიდი უზრუნველყოფს ამჟამად არსებული შემოსასვლელი ხიდის, ჰიდროკვანძის განტვირთვას, რომლის მთავარი ფუნქცია წყლის ნაკადების რეგულირებაა”, – განაცხადა ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს.
ხიდი შედგება ექვსი ბურჯისგან, ოთხი ბურჯის რკინა-ბეტონის სამუშაო დასრულებულია, მიმდინარეობს ბოლო ორი ბურჯისათვის ხიმინჯების საბურღი მოედნის მოსაწყობად აუცილებელი სამშენებლო სამუშაოები.
სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება და მას კომპანია ,,Construction Service“ აწარმოებს.
ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. შესაბამისად იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღასა და ცენტრალურ აზიას შორის.