საქპატენტს „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები ესტუმრნენ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები ესტუმრნენ. მოზარდების ვიზიტი გასვლითი, შემეცნებითი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა.
მოსწავლეებს საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ უმასპინძლა. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სოსო გიორგაძემ მოზარდებთან ინტელექტუალურ საკუთრებაზე, პიროვნების განვითარებაში განათლების როლსა და მის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მოსწავლეები გაეცნენ როგორც ინტელექტუალური საკუთრების ზოგად საფუძვლებს, ასევე საქპატენტის საქმიანობას, მოისმინეს პრეზენტაციები სასაქონლო ნიშნის, პატენტისა და გეოგრაფიული აღნიშვნების არსის შესახებ. საქპატენტის თავმჯდომარემ მოსწავლეებს თანამედროვე, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით, ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.
მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს რეგისტრირებული უნიკალური ქართული პროდუქტების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტების მიმართ ინტერესის გაღვივებასა და მათი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, ასევე, ამ მიმართულებით საქპატენტის საქმიანობის წარმოჩენასა და საზოგადოებაში უწყების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
„მწვანე სკოლის“ მოზარდები საქპატენტს კლასის დამრიგებელთან ირინა გაგოშიძესთან ერთად ესტუმრნენ. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ორგანიზაციის საგამოფენო სივრცე და მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები, მათ შორის, საქპატენტის პოლიგრაფიაში დაბეჭდილი საბავშვო ზღაპრები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ და კომიქსები: „საავტორო უფლებები“, „პატენტები“ და „სასაქონლო ნიშნები“.