ევროკავშირი – ასადის რეჟიმის დაცემაზე: ისტორიული მომენტია

ევროკავშირმა, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემას ქვეყნის მოსახლეობისთვის ისტორიული მომენტი უწოდა,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებაში კალასი ამბობს, რომ მხარს უჭერენ სირიელ ხალხს.

„ასადის კრიმინალური რეჟიმის დაცემა ისტორიული მომენტია სირიელი ხალხისთვის. ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ თავიდან აიცილონ ძალადობა, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და პატივი სცენ საერთაშორისო კანონს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, აუცილებელია, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთოს ინკლუზიურ დიალოგში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სირიის ანტისამთავრობო ძალებმა 27 ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მასირებული შეტევა დაიწყეს და 1 დეკემბერს ქალაქი ალეპო დაიკავეს. შემდეგ მათ შეტევა გააგრძელეს და ქალაქები ჰამა და ჰომსიც აიღეს. 8 დეკემბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტისამთავრობო ძალები უკვე დამასკოს ცენტრში იმყოფებოდნენ. როგორც სირიის ოპოზიციური ძალების ეროვნული კოალიციის ხელმძღვანელმა ჰადი ალ-ბაჰრამ განაცხადა, ასადის რეჟიმი დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები