გიორგი ცუცქირიძე: საქართველოში პროტესტი გიული ალასანიას პატრონაჟით მყოფმა უნივერსიტეტებმა დაიწყეს – მასწავლებელთა აქტივობა და მოსწავლეების პროტესტში ჩართულობა პრინციპულად ეწინააღმდეგება პედაგოგიკის ფუნდამენტურ პრინციპებს
სასწავლო დაწესებულებათა აქტიური ჩართულობა პროტესტში არ არის შემთხვევითი და თურქეთში წლების წინ განვითარებულ არ შემდგარ სახელმწიფო გადატრიალებასთან ჰპოვებს ანალოგებს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოში პროტესტი გიული ალასანიას პატრონაჟით მყოფმა უნივერსიტეტებმა დაიწყეს, რაც უკვე სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებზე, სასკოლო დაწესებულებებზე გავრცელდა.
„სასწავლო დაწესებულებათა აქტიური ჩართულობა პროტესტში არ არის შემთხვევითი და თურქეთში წლების წინ განვითარებულ არ შემდგარ სახელმწიფო გადატრიალებასთან ჰპოვებს ანალოგებს. როდესაც 2016 წლის გაზაფხულზე თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, გარედან მხარდაჭერილი (მაშინაც დემოკრატები იყვნენ ხელისუფლებაში, ვგულისხმობ ბარაქ ობამას პრეზიდენტობის პერიოდს) მთავარ ოპოზიციურ ვექტორს სასწავლო დაწესებულებები წარმოადგენდენ, რომლებიც ამ გადატრიალების მამამთავრის და ოპოზიციის ლიდერის ფეთჰულა გიულენის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებები იყო. ამ გარედან ინსპირირებულ ამბოხში თურქეთის ახალგაზრდა გენერალიტეტის ნაწილიც იყო ჩართული. მოგეხსენებათ მაშინ ერდოგანი სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს, რაც სპეც სამსახურების, საჯარისო ნაწილების და მოსახლეობის დამსახურება იყო. მაშინ ერდოგანმა დროში მოიგო. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა, რომელიც მობილური ტელეფონის ვიდეოაპლიკაციის საშუალებით ჩაერთო გადაცემაში პირდაპირი ეთერით ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდა მოსახლეობას.
მთავრობის მომხრეებმა თანდათანობით იწყეს დიდი ქალაქების სტრატეგიულ ადგილებსა და ქუჩებში გამოსვლა, ამის შემდეგ კი დაიწყო დაპატიმრებათა სერია. პოლიციამ დააპატიმრა შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების სამსახურის 1500-მდე თანამშრომელი, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობაში. სამსახურიდან დათხოვილი იქნა ათი ათასობით განათლების სფეროს მოსამსახურე, ხოლო გიულენის ჯგუფი როგორც ოპოზიციური ვექტორი განეიტრალებული იქნა. ნიშანდობლივია, რომ წლების მანძილზე გაფუჭებული იყო ურთიერთობა თურქეთსა და აშშ-ის შორის და შედარებით ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო ვადაში დარეგულირდა.
ეს ამბავი იმიტომ მოვიყვანე, რომ გიულენი იყო გიული ალასანიას ბიზნეს პარტნიორი და არც ის არის შემთხვევითი, რომ პროტესტი საქართველოში სწორედ გიული ალასანიას პატრონაჟით მყოფმა უნივერსიტეტებმა დაიწყეს, რაც უკვე სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებზე სასკოლო დაწესებულებებზე გავრცელდა. მასწავლებელთა ეს აქტივობა და მოსწავლეების პროტესტში ჩართულობა მათი იდეოლოგიური მანიპულაციით არც არის შემთხვევითი, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება პედაგოგიკის ფუნდამენტურ პრინციპებს.
საქართველო გადის თავისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მძიმე პერიოდს, სასწავლო დაწესებულებების ჩართულობით პროტესტი კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებებს ამ პროცესის საგარეო მხარდაჭერისა.
გასაგები მიზეზების გამო, საქართველოს ხელისუფლება დღეს შეიძლება ყველაფერს არ ახმოვანებდეს, მაგრამ რაზეც ახდენს აქცენტებს თუ ადამიანი ბრმა, ტენდენციური ან სასარგებლო იდიოტი არ არის, წესით კი უნდა ხვდებოდეს. მიუხედავად საგარეო მხარდაჭერისა, ნებისმიერ პროცესს მაინც მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა წყვეტს, რაც თურქეთის მაგალითმაც კარგად აჩვენა.
თურქეთის მაგალითმა ისიც გვიჩვენა, რომ თუ ხელისუფლება პრინციპული და თანამიმდევრულია, კრიზისის გადალახვას ნაკლები დანაკარგებით შეძლებს. უნდა დამთავრდეს ლოიალობა სახელმწიფო ინსტიტუტებში ჩაბუდებული მიშარასტული ელემენტების მიმართ, უნდა დაიწყოს განათლების სისტემის ძირეული რეფორმა, რაც მთლიანად შეცვლის დღეს არსებული სასწავლო პროგრამების ხასიათს, როდესაც სტუდენტების ნაწილმა არა თუ არითმეტიკა, ან ელემენტარულად ლოგიკასთან არის შორს, წაკითხულიდან აზრის გამოტანა, რომ უჭირთ, არამედ საკუთარი ქვეყნის ისტორიაც კი არ იცის წესიერად. მთლიანად უნდა შეიცვალოს აკრედიტაციის პრინციპი და მოხდეს მონიტორინგი თუ რა განათლებით და რას ასწავლიან უნივერსიტეტებში.
ხელისუფლებას ჩემგან არ ესწავლება, მაგრამ რას იფიქრებენ ჩვენ გადადგმულ ნაბიჯებზე გარეთ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ ვიმოქმედოთ ისევე, როგორც თავად მოქმედებენ საკუთარ ქვეყნებში, მათ შორის სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობისას!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.