მედია: ისრაელი და ლიბანი ერთმანეთს „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების“ დარღვევაში ადანაშაულებენ
ისრაელის სამხედროების განცხადებით, მათმა საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ობიექტზე, რომელსაც „ჰეზბოლა“ საშუალო სიშორის რაკეტების შესანახად იყენებდა.
როგორც Reuters-ი წერს, ამას წინ უძღოდა ორი მხარის მიერ ერთმანეთის დადანაშაულება „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმების დარღვევაში.
ოფიციალური ისრაელი აცხადებს, რომ გუშინ ცეცხლი გაუხსნა „ეჭვმიტანილებს“, რომლებიც ავტომობილებით მიემართებოდნენ სამხრეთ ზონის რამდენიმე რაიონში. ისრაელის განცხადებით, ეს ყველაფერი ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ორშაბათს დადებული ზავის დარღვევას წარმოადგენდა.
თავის მხრივ, „ჰეზბოლას“ წარმომადგენელმა ჰასან ფადლალამ ისრაელი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ისრაელელი მტერი თავს ესხმის მათ, ვინც საზღვრისპირა სოფლებში ბრუნდება,- “ განაცხადა „ჰეზბოლას“ წარმომადგენელმა ჰასან ფადლალამ.
როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნული ბრალდებები ხაზს უსვამს აშშ-ისა და საფრანგეთის შუამდგომლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მყიფე ხასიათს.
შეგახსენებთ, შეთანხმების მიხედვით, საომარი მოქმედებების მუდმივი შეწყვეტის იმედით, ზავი 60 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.