ნინო წილოსანი: უცნაურია, როდესაც ადამიანები აპროტესტებენ იმ განცხადებას, რომელიც ადასტურებს ევროკავშირისკენ სვლის პროცესს
“უცნაურია, როდესაც ადამიანები აპროტესტებენ იმ განცხადებას, რომელიც ადასტურებს ევროკავშირისკენ სვლის პროცესს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სიტუაციის არასწორი ანალიზი ხდება და არასწორად მიემართება აგრესია.
„უცნაურია, როდესაც ადამიანები აპროტესტებენ იმ განცხადებას, რომელიც ადასტურებს ევროკავშირისკენ სვლის პროცესს და მეორე მხრივ ამბობს, რომ თუ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი ხელოვნურად არის დაპაუზებული და ამას გარკვეული ზეწოლის იარაღად იყენებენ, ჩვენი მხრიდან დამატებით ეს საკითხი აქტუალიზებული არ იქნება, მანამ სანამ თავად არ გადაწყვეტენ რომ მოლაპარაკებები გახსნან. ამის ფონზე, მე არ მინახავს არავინ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მისულიყო და მოლაპარაკებების გახსნა მოეთხოვა. არ მინახავს კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ არ მოცემის გამო ამ ხალხის პროტესტი ან გულისწყრომა, როდესაც საქართველოს უსამართლოდ და დაუმსახურებლად არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. სიტუაციის არასწორი ანალიზი ხდება და არასწორად მიემართება აგრესია. იგივე ხდებოდა კანდიდატის სტატუსზე, ყალბი ემოცია, ხელისუფლების მიმართ, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი წარმატებული იყოს, მათ შორის ყველაზე კარგი პარამეტრებით გამოირჩევა საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორის და ამის პარალელურად, როცა სისტემატურად იჩაგრება შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია რას უნდა აპროტესტებდე პარლამენტის წინ. სამწუხაროა ასევე ის, რომ ევროპის მოტივით შეუძლია ამ პატარა პოლიტიკურ დაჯგუფებას ყველაზე არასწორი პროტესტი დააგენერირონ. ვის მიჰყავს ევროპაში ეს ადამიანები, უნდათ რომ სალომე ზურაბიშვილმა, ნიკა გვარამიამ, ლიკა ხოშტარიამ ან გიორგი ვაშაძემ წაიყვანოს? ეს ხომ წარმოუდგენელია“, – განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი რუსთაველის გამზირზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.