მაკა ბოჭორიშვილი – პარლამენტში წარმოვადგინეთ პროგრამა, რომელშიც განსაზღვრულია ის ძირითადი მიმართულებები, რასაც მომდევნო პერიოდში დაეფუძნება ჩვენი საქმიანობა, დიპლომატიური სამსახური მომართული იქნება ქვეყნის გარეთ ეროვნული ინტერესების დაცვისკენ
პარლამენტში წარმოვადგინეთ პროგრამა, რომელშიც განსაზღვრულია ის ძირითადი მიმართულებები, რასაც მომდევნო პერიოდში დაეფუძნება ჩვენი საქმიანობა, დიპლომატიური სამსახური მომართული იქნება ქვეყნის გარეთ ეროვნული ინტერესების დაცვისკენ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტული იქნება ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება სტრატეგიულ პარტნიორებთან.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და საგარეო მიმართულება დაფუძნებული იქნება იმ ეროვნულ ინტერესებზე და პრიორიტეტებზე, რაც აქვს საქართველოს. ჩვენ პარლამენტში წარმოვადგინეთ პროგრამა, რომელშიც განსაზღვრულია ის ძირითადი მიმართულებები, რასაც მომდევნო პერიოდში დაეფუძნება ჩვენი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით, რა თქმა უნდა ეს უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციური მიზნების განხორციელებას ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. რა თქმა უნდა, პრიორიტეტული იქნება ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და ეს იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ჩინეთთან ურთიერთობები, ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობები, სამეზობლოსთან ურთიერთობები, რაც მიმართული იქნება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ და რა თქმა უნდა, საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის იმიჯის უკეთ წარმოჩენის მიზნით. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც იქნება განმსაზღვრელი ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას და რა თქმა უნდა, დიპლომატიური სამსახური მომართული იქნება სწორედ ეროვნული ინტერესების დაცვისკენ ქვეყნის გარეთ”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.