მაკა ბოჭორიშვილი – როდესაც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს დავიწყებთ, სწორედ ამისკენ იქნება მიმართული, თუ რა ეტაპები, რა დრო დასჭირდება საქართველოს, ქართული ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ევროკავშირის წესებთან ადაპტაციას იმგვარად, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები
როდესაც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს დავიწყებთ, სწორედ ამისკენ იქნება მიმართული, თუ რა ეტაპები, რა დრო დასჭირდება საქართველოს, ქართული ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ევროკავშირის წესებთან ადაპტაციას იმგვარად, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს აქვს სხვადასხვა მიმართულებით ასოცირების შეთანხმების შესრულების გამოცდილება და ეს არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ უნდა მოახდინო ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია.
„ევროკავშირში გაწევრიანება და ევროკავშირის წევრობა, ზოგადად, საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. ეს პროცესი გაიარა არაერთმა ქვეყანამ. ჩვენ შეგვიძ₾ია შევისწავლოთ სხვა ქვეყნების მაგალითები. მაგალითისთვის ავიღოთ 2004 წლის დიდი გაფართოება, სადაც, სხვათა შორის, საბჭოთა კავშირიდან გამოსული სამი ქვეყანაც გაწევრიანდა მაშინ ევროკავშირში. ეს პროცესი მათ გაიარეს, ეს პროცესი გაიარა ყველა ქვეყანამ, ვინც გახდა ევროკავშირის წევრი და ტრანსფორმაციის პროცესი და ზოგადად, დრო, არის ხოლმე ხანგრძლივი. ამ ხანგრძლივ პერიოდში, რა თქმა უნდა, ხდება ევროკავშირის მხრიდან ამ ქვეყნების მხარდაჭერა იმისთვის, რომ მოახდინონ ადაპტაცია ევროკავშირის წესებთან. რატომ ხდება ეს მხარდაჭერა?! იმიტომ ხდება, რომ რთულია ევროკავშირის წევრობა, ევროკავშირში გაწევრიანება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ეკონომიკურად არ არიან სათანადოდ მომზადებული და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე და პირველი პრიორიტეტი როდესაც არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იმიტომ, რომ ეს სჭირდება ევროკავშირში წევრობას მათ შორის, გარდა იმისა, რომ ეს აუცილებელია მათ შორის მოქალაქეების უკეთესი ცხოვრების პირობების შესაქმნელად, ეს სჭირდება იმას, რომ საქართველო იყოს კონკურენტუნარიანი ქვეყანა ძლიერ სახელმწიფოებს შორის. ევროკავშირი დღეს არის ძლიერი სახელმწიფოების გაერთიანება და საქართველომ ევროკავშირში წევრობით უნდა შეძლოს და იყოს კონკურენტუნარიანი ამ ქვეყნებს შორის. სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ შეძლოს, დაიცვას საკუთარი ინტერესები, მათ შორის ეკონომიკური ინტერესები და არ მოხდეს უარყოფითი გავლენები სხვადასხვა სფეროზე. ჩვენ გვაქვს გამოცდილება ასოცირების შეთანხმების შესრულების, სხვადასხვა მიმართულებით, რასაც სჭირდება დრო და ეს არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ უნდა მოახდინო ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია. ასოცირების შეთანხმება გაფორმდა ევროკავშირთან სწორედ იმიტომ, რომ მომხდარიყო სხვადასხვა სფეროებში ქვეყნის მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს დიდი პროგრესი, ამას ვაკეთებთ წარმატებით და დარწმუნებული ვარ, როდესაც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, სწორედ ამისკენ იქნება მიმართული, თუ რა ეტაპები, რა დრო დასჭირდება საქართველოს, ქართული ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ადაპტაციას ევროკავშირის წესებთან იმგვარად, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები. თავად ევროკავშირი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ უნდა მოახდინოთ საზოგადოების მოლოდინების მართვა. მე თქვენ ვერ გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ხვალ ხდება ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ამისთვის არც ევროკავშირია მზად, არც საქართველო. როდესაც ევროკავშირი და საქართველო იქნება მზად, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენი საქმე რაც არის, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ 2030 წლამდე, რაც არის ჩვენი დაპირება, რომ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იყოს ყველაზე კარგად მომზადებული წევრობისთვის”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ჟურნალისტმა საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველი გუნდის რიტორიკის შესახებაც დაუსვა კითხვა, რაზეც მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი და რთული პროცესია, ამ პროცესში იქნება რთული საკითხები და არ უნდა მოხდეს ამ საკითხების პოლიტიზირება იმგვარად, რომ დაზიანდეს საბოლოო მიზანი, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.
„ევროკავშირი არის ინსტიტუტები და ევროკავშირი არის წევრი სახელმწიფოები. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობები. თქვენ კარგად იცით, რომ ახლა, აი ამ მომენტში, მიმდინარეობს ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცესი. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება რა თქმა უნდა, მათთან ურთიერთობების გაძლიერება, გაღრმავება და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე კონსულტაციების წარმოება. ევროკავშირში გაწევრიანება არის გრძელი და რთული პროცესი. რა თქმა უნდა ამ პროცესში იქნება რთული საკითხები და არ უნდა მოხდეს ამ საკითხების პოლიტიზირება იმგვარად, რომ დაზიანდეს საბოლოო მიზანი, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ამ პროცესს სჭირდება მართვა, კონსტრუქციული მიდგომა და ყველა პრობლემურ საკითხზე უნდა ვეძიოთ კონსტრუქციული გამოსავალი და უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი. საუბრის და დიალოგის გარეშე, შეუძლებელი იქნება ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.