ირაკლი კობახიძემ ოთარ შამუგიას, რატი ბრეგაძეს და ილია დარჩიაშვილს ქვეყნის წინაშე მრავალწლიანი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრებს, ოთარ შამუგიას, რატი ბრეგაძეს და ილია დარჩიაშვილს ქვეყნის წინაშე მრავალწლიანი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამივე მათგანი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში გააგრძელებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ოთარ შამუგიას, რატი ბრეგაძეს და ილია დარჩიაშვილს მრავალწლიანი სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე და კონკრეტულად მინისტრის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. სამივე რჩება ჩვენი გუნდის წევრად, ისინი რჩებიან სახელმწიფო სამსახურში, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გავაცნობ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მადლობა მათ. რა წარმატებებზეც გვქონდა საუბარი პროგრამის წარდგენის დროს, ამაში ძალიან დიდია მათი საქმიანობის დამსახურება, შესაბამისად, მინდა, მათ კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.