World Travel Awards-ზე ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა. ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პორტუგალიის, კუნძულ მადეირაზე გამართულ World Travel Awards-ის გალა ცერემონიაზე, ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა. პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმმა კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა მელბორნი (ავსტრალია), ოსლო (ნორვეგია), ჟენევა (შვეიცარია), მიუნხენი (გერმანია), ასპენი (აშშ), ბეიჯინი (ჩინეთი) და ვისლერი (კანადა).

World Travel Awards” -ზე ასევე გამოვლინდა 2024 წელს, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები. წელს, მსოფლიოს საუკეთესო საზღვაო მიმართულებად ალგარვე, ხოლო მსოფლიოს წამყვან ტურისტულ მიმართულებად პორტუგალია დასახელდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქრისტინე ძიძიგურმა განაცხადა, რომ აღნიშნული ჯილდო მნიშვნელოვანია, რათა ჩამოყალიბდეს უფრო მეტი ნდობა ქალაქის მიმართ ვიზიტორებსა და ინვესტორებში.

“ბათუმი მუდმივად ვითარდება, აჭარის რეგიონს აქვს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც მიმზიდველია, როგორც ტურისტული და საინვესტიციო მიმართულება 4 სეზონის განმავლობაში.ეს ბუნებრივია ყურადღების მიღმა არ რჩება და ‘ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების’ სტატუსის შემდეგ, ბათუმმა მიიღო ახალი აღიარება და მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოვების ცერემონიაზე დასახელდა, როგორც “მსოფლიოს წამყვანი ყველა სეზონის ტურისტული მიმართულება. აღნიშნული ჯილდო მნიშვნელოვანია, რათა ჩამოყალიბდეს უფრო მეტი ნდობა ჩვენი ქალაქის მიმართ ვიზიტორებსა და ინვესტორებში.

ეს აღიარება ხელს უწყობს ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით. ვულოცავ ბათუმს და ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ პრესტიჟულ ჯილდოს და საერთაშორისო აღიარებას”, – განაცხადა ქრისტინე ძიძიგურმა.

ბათუმის ჯილდოს ეხმიანება გრემ კუკი, World Travel Awards-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. “ვულოცავ ბათუმს გამარჯვებას – ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ჯილდოს მოპოვებას, რაც მოიაზრებს თქვენი ქალაქისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ მიმზდიველობას წლის ნებისმიერ დროს, იქნება ეს გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი.

ეს არის ქვეყანა, რომელმაც თავისი კლიმატით, სტუმართმოყვარე ხალხით, ტურისტული პოტენციალით, მზარდი მიმართულებიდან მოწინავე პოზიციაზე გადმოინაცვლა. ყველას გილოცავთ ამ წარმატებას. მოგზაურები ეძებენ სიახლეებს – სათავგადასავლო თუ ველნეს ტურიზმი, ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, ბუნებრივი რესურსები, და რაც მთავარია ხალხი – რომელიც საქართველოს უდიდესი სიმდიდრე გახლავთ. თქვენს ქვეყანას ახასიათებს გამორჩეული სტუმართმოყვარეობა და განსაკუთრებული კულინარია. მე და ჩემს გუნდს კარგად გვახსოვს შარშანდელი დახვედრის გამოცდილება, როდესაც ბათუმს ვესტუმრეთ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ქვეყანასთან შეხება იწყება ჩასვლისთანავე მიღებული გამოცდილებით და სრულდება ქვეყნიდან გამგზავრებისას. ჩვენი ისტორიის განმავლობაში კი სწორედ ბათუმში გვქონდა ასეთი დახვედრა და ასეთივე გაცილება. სწორედ ამიტომ, უდავოდ, ბათუმი და საქართველო არის ის ადგილი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით”.

2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6- ჯერ მოიპოვა. თავდაპირველად, როგორც ევროპის, ხოლო მოგვიანებით, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ. 2023 წელს, კი მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე, რომელსაც აჭარამ უმასპინძლა ბათუმი, აჭარა ევროპის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები