“უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი” – ბიძინა ივანიშვილი
“უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც მყარ უმრავლესობას, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ფლობს. აქედან გამომდინარე, იმთავითვე ცხადია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დაიკავებს. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პარტიული პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას.
მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების განმავლობაში ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი იცავდა საქართველოს ღირსებას, მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.