სერგეი შოიგუ – “აშშ-მა ავღანეთის აღდგენაში მთავარი როლი უნდა ითამაშოს”
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ აშშ-მა, რომელმაც, მისი თქმით, ქვეყანაში სამხედრო მოქმედებები ჩაატარა და შემდეგ გაიქცა, ავღანეთის აღდგენაში მთავარი როლი უნდა ითამაშოს.
“აქ კვლავ აქტუალურია აშშ-ის თემა, რომელიც პერიმეტრზე ყველას დაუნდობლად ძარცვავს. საუბარია ავღანელთა კუთვნილ აქტივებზე და სახსრებზე, რომელთა დაბრუნებას, როგორც ჩანს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ლიბიასა და სირიაში, არავინ არ აპირებს. ჩემი აზრით, სწორედ აშშ-მა უნდა ითავოს ავღანეთის აღდგენაში რესურსების ჩადება”, – თქვა შოიგუმ.
რუსული მედიის ინფორმაციით, შოიგუმ განაცხადა, რომ აშშ ავღანეთში ძირითადი ინვესტორი უნდა გახდეს.
შეგახსენებთ, სერგეი შოიგუ 25 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა და თალიბანის რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. შოიგუმ რუსეთისა და ავღანეთს შორის ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნის სურვილი გამოთქვა.
“ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას, ავაშენოთ კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის, მათ შორის, ავღანეთის შიდა პროცესების დარეგულირებისთვის ბიძგის მისაცემად” – თქვა რუსეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.
მედიის ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება განიხილეს, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა.