“ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებასა და მხარდაჭერის გაძლიერებას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისი თქმით, განსაკუთრებული გამბედაობა და სიფრთხილე სჭირდება საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით.
“საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას. გამორჩეული პრიორიტეტი იქნება ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობები. ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის. იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმატებით განხორციელდეს, საჭიროა დიალოგი პარტნიორებთან. დიალოგი ვერ იქნება ულტიმატუმების ენით საუბარი. პარტნიორებს შორის საჭიროა ყველა კრიტიკულ საკითხზე კონსტრუქციული მიდგომების ძიება”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.