„ლაფანყურის საქმე გამოძიებულია“

გაზეთი „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა ე.წ. ლაფანყურის საქმე, ვინაიდან როგორც გამოცემა წერს, უკვე ვრცელდება ინფორმაციები, რომ დასკვნების გამჟღავნება საქართველოს პოლიტიკურ ინტერესებს დააზიანებს.
როგორც გამოცემასთან საუბრისას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი, ზაალ კასრელიშვილი აცხადებს, ლაფანყურის საქმე გამოძიებულია.

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან:

– ლაფანყურის საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია არა მარტო ამ ხელისუფლებისთვის, არამედ წინა ხელისუფლების იმ ნაწილისთვისაც, რომელიც ამ პოლიტიზებულ სისხლისღვრაში არ მონაწილეობდა, და მომავალი ხელისუფლებისთვისაც, რომელსაც უახლოეს მეზობლებთან კარგი ურთიერთობა უნდა სურდეს. რამდენადაც ვიცით, ლაფანყურის საქმე გამოძიებულია. დადგენილია კონკრეტული პირები, გამოკვეთილია კონკრეტული სახელები და გვარები და თუ არ ვცდები, გამოკვეთილია მინიმუმ სამი ქვეყნის სპეცსამსახურების კვალი და ინტერესები. დანარჩენი ჩვენი კომპეტენცია არ არის. შესაბამისად, ვერ გეტყვით, რა ხდება საგამოძიებო ორგანოებში.
– ვინ არიან ის კონკრეტული პირები, ვინც გამოძიებამ დაადგინა?
– ჩვენ გამოძიების პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია. არ ვიცით, რა ხაზზე გავიდნენ და რა დამამძიმებელი გარემოებები გამოიკვეთა. ამიტომ, ვერ გეტყვით, რა სახელები და გვარები გამოჩნდა იმათ გარდა, რომლებიც თავის დროზე გამოაქვეყნა ჩეჩნეთის მხარის კომისიამ და მომხდარიდან რამდენიმე ხნის შემდეგ საკუთარი დასკვნა დადო. მაშინ ჩვენც შემოგვთავაზეს მონაწილეობა ამ გამოძიებაში, მაგრამ, ვინაიდან ამ ჯგუფთან იდეური და პოლიტიკური თანხვედრა არ გვაქვს, ჩვენ უარი ვთქვით. სამაგიეროდ, საქართველოში, ოფიციალურ სტრუქტურებში გამოძიება ისე წავიდა, რომ ჩვენი აზრითაც არავინ დაინტერესებულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამხილეთ ეს სიბინძურე, რის გამოც ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ დავდექით თავის დროზე.
– რას გულისხმობთ?
– ჩვენი ორგანიზაციის ლიდერების ფიზიკურ ლიკვიდაციაზეც კი იყო საუბარი.
– ვისი მხრიდან?
– არამარტო წინა ხელისუფლების მხრიდან. როგორც ჩანს, კავკასიის ფარგლებს გარეთაც ძალიან შევუშალეთ ხელი ვიღაცას.
– ვინ გემუქრებოდათ?
– მაშინ ჩვენმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, ძალიან სერიოზული პრობლემები შეგექმნებათო.
– ვისი მხრიდან?
– „ნაციონალური მოძრაობისა“ და ფსევდოისლამური რადიკალური მიმართულებიდან. ფულის საჭრელი საამქრო ჰქონდათ გაკეთებული და ვის ესიამოვნებოდა, ჩვენ რომ ის მარშრუტი ვამხილეთ, რა გზითაც მიერეკებოდნენ კავკასიელებს სირიაში სასაკლაოზე საქართველოდან თურქეთის გავლით.
– ამბობენ, რომ ეს თემა დღესაც დგას დღის წესრიგში. ზოგიერთი ინფორმაციით, ძირითადი ნაკადი პანკისიდან გადის იქ მცხოვრები დევნილი ჩეჩნების სახით. გასამრჯელოსაც სერიოზულს იღებენ…
– პანკისის ხეობაში და საქართველოს ტერიტორიაზე არავინ იწვრთნება. საქართველოს ტერიტორიაზე ეს მარშრუტი აღარ მუშაობს. საქართველოს მოქალაქე სირიაში იქნება, ერაყში თუ პარიზში, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო აღარ არის არც კავკასიელების და არც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე…. როდესაც ჩვენ ეს მარშრუტი გავშიფრეთ, მაშინ წინა ხაზზე გავედით და საქართველოს ავაცილეთ ლოკალური ბრძოლები პანკისის ხეობაში, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა რუსეთის „სპეცნაზის“ შემოსვლა და ქალაქ თბილისს თავიდან ავაცილეთ მინიმუმ ორი ტერაქტი მეტროში. ამის გამო მადლობაც არავის უთქვამს. სამაგიეროდ ვიღაცებმა ქულები ჩაიწერეს, სავარძლებში ჩასხდნენ და დიდების შარავანდედი დაიდგეს თავზე.
– როდის უნდა მომხდარიყო ეს ორი ტერაქტი თბილისის მეტროში?
– როგორც კი ჩვენ ამ საქმეში გამოვჩნდით, მაშინვე გვირჩიეს, დავკავშირებოდით ორ ადამიანს ისლამურ სამყაროში, მორალურ ლიდერებს. მათთან სამკვირიანი დავის, ჩხუბისა და მოლაპარაკების შემდეგ შევთანხმდით, რომ საქართველოს მოსახლეობა არაფერ შუაში იყო მომხდართან და თუ ვინმეს დაღვრილი სისხლის გამო შურისძიება უნდოდა, მას შური უნდა ეძია და სისხლი აეღო იმ კონკრეტული პირებისგან, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ დამიკავშირდნენ ჩვენი ორგანიზაციის ლიდერები და მითხრეს, რომ აღარ გაიცა ბრძანება თბილისში ტერაქტების დაწყებაზე.
– როდის გვემუქრებოდა ეს ტერაქტები?
– 2012 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში. სწორედ მაშინ გადაურჩა თბილისი მეტროში ტერაქტს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
– დღეს ეს საფრთხე აღარ არსებობს?
– შურისძიების გრძნობა არ ჩაცხრა. ყველა გამოძიების შედეგებს ელოდება. ჩრდილოკავკასიელებს ქართველებთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდათ პროვოკატორების გამო. სხვათა შორის, ისინი თავიანთ პროვოკატორებსაც ასახელებენ. არ გეგონოთ, რომ მარტო ქართველებს, რუსებსა და თურქებს ასახელებენ, რომლებიც ამ პროვოკაციაში მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, თუ დასკვნა არ დაიდება, ჩვენი კავკასიელი მეზობლების ინტერესები შეილახება და მათი სამართლიანი მოთხოვნის იგნორირება მოხდება, რა თქმა უნდა, ეს ჭრილობა ისევ გაიხსნება. ვინც ეს პროვოკაცია მოაწყო 2012 წელში, ის ისევ მოახერხებს ინციდენტების პროვოცირებას. გაუჭირდებათ, თუ 90-იანი წლებიდან დღემდე ერთი და იგივე ილეთით არ გვამარცხებენ?
– ვის გულისხმობთ? ვისგან შეიძლება წამოვიდეს იგივე საფრთხე?
– იგივე სპეცსამსახურებიდან შეიძლება წამოვიდეს ეს საფრთხე და ახლა უკვე რადიკალური ისლამის მეომრებისგან, რომლებმაც სირია მიწასთან გაასწორეს და ნახევარი ერაყი დაიპყრეს.
– ეს საფრთხე რეალურია?
– რა თქმა უნდა, საფრთხე რეალურია. როდის არ იყო რადიკალური ისლამისტებისგან საფრთხე? ახლა მით უმეტეს, როცა საქართველოში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიაშიც ისეა გამრავლებული იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რადიკალურ ისლამს ქადაგებენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებსაც უჭირთ მათთან გამკლავება.
– დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის დასაწყისს: თქვენ თქვით, რომ, თქვენი ინფორმაციით, საქმე გამოძიებულია და არ ხმაურდება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
– ეს ჩვენი აზრია. ამ საქმეში ყველაფერი ნათელია. როდესაც ჩეჩნების მიერ შექმნილმა კომისიამ ეს საქმე გამოიძია, მათ პირდაპირ დაადეს ხელის რუსეთის სპეცსამსახურებს. შემდეგ ჩრდილოკავკასიელებმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად თურქეთის სპეცსამსახურებიც დაადანაშაულეს. ამ ინფორმაციის ინტერნეტით გავრცელების შემდეგ ძალიან მალე თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტში ატვირთა რუსეთის „ეფესბეს“ წარმომადგენლების შეხვედრა ეთნიკურ კავკასიელებთან და მათი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგში გამოიკვეთა, რომ ამ საქმეს რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ. მეტიც, აგენტიც კი ჰყავდათ ჩანერგილი მებრძოლების რაზმში. ამით თურქეთის სპეცსამსახურებმა ეთნიკური კავკასიელებისა და მუსლიმანების წინაშე თავი იმართლეს, – ჩვენ მიმართ პრეტენზიები ნუ გექნებათ, არაფერ შუაში ვართ საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთანო. ამას, ალბათ, დაემატება რომელიმე ისლამური სახელმწიფოს სპეცსამსახურები და კიდევ სირიის მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები. ეს ისეთი თემაა, რომ ამაზე მეტის თქმის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ.
ანუ ამ ინფორმაციის მიხედვით მართლდება მოსაზრება, რომ ლაფანყურის საქმის გამოძიების შედეგების გამჟღავნება დიდად დააზიანებს საქართველოს პოლიტიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს?
– საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც დააზარალებს, მაგრამ უფრო იმ ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესებში. ბუნებრივია, როგორც ყველა სფეროში, აქაც არსებობს თანამშრომლობა უმაღლესი რანგის მეთაურებში. შესაბამისად, სულაც არ გამოვრიცხავთ, რომ შეთანხმება სახელმწიფოების სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა შორის შედგა, რომ ამ საქმეში მათი კვალი არ გამჟღავნებულიყო.
– არსებობს კიდევ ერთი ასეთი მოსაზრება, რომ თითქოს ადამიანები, რომლებიც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, ვგულისხმობ კონტრდაზვერვის თანამშრომლებს, დღესაც მუშაობენ სტრუქტურაში და ამ გამოძიების შედეგებით ისინიც გაიშიფრებიან. ზოგიერთი ინფორმაციით, მათ დღევანდელი კონტრდაზვერვა ვერ ელევა მათი პროფესიონალიზმის გამო…
– ეჭვი მეპარება, ვინმე ამ საქმეს კონკრეტული პიროვნებების გამო აჩერებდეს. რაც უნდა ძლიერი პროფესიონალები იყვნენ, ვეჭვობ, მათ ვინმე უფრთხილდებოდეს. ბოლოს და ბოლოს, მათ ისე დააკავებდნენ, რომ ვერავინ გაიგებდა. მეორე მხრივ, ნებისმიერი სპეცსამსახურის ოფიცერს, რომელმაც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო, აქვს გამართლების საფუძველი, ბრძანება, რომელსაც დაექვემდებარა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გამოძიების შედეგები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების თხოვნით არ ხმაურდება, ვინაიდან, მინიმუმ სამ ქვეყანას მიადგება ჩრდილი ამ საქმის გახსნით.
– სახალხო დამცველმაც შექმნა თავის დროზე კომისია, რომელსაც ეს საქმე უნდა გამოეძიებინა. მეტიც, მათ დააანონსეს, რომ შედეგები მარტში უნდა დადებულიყო. დაპირებული დროიდან უკვე რამდენიმე თვე გავიდა და ეს შედეგები არც ამ მიმართულებიდან ჩანს. მათაც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელების თხოვნა გაითვალისწინეს?
– ჩვენ, პირველ რიგში, ის გაგვიკვირდა, რომ ნანუაშვილმა ეს კომისია შექმნა და ჩვენ არ დაგველაპარაკა. შეიძლება, გაინტერესებდეს საქმის გახსნა და ვინც ეს საქმე ამხილა და პანკისის ხეობაში ლოკალური ომი შეაჩერა, იმას არაფერი ჰკითხო? ამიტომ ჩვენ არც ნანუაშვილის კომისიის გვჯერა რაიმე და არც ის ვიცით, რატომ არ დადო დასკვნა ამ კომისიამ.
– თავის დროზე აცხადებდნენ, რომ გვამების ექსჰუმაცია ძირითად კითხვებს გასცემდა პასუხს. ეს ყველაფერი ტყუილად ჩატარდა?
– ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ზუსტი დასკვნა არსებობს.
– რაში მდგომარეობს ეს ზუსტი დასკვნა?
– რაც სათქმელი იყო, უკვე ვთქვი. გამოძიებამ რა სახელები და გვარები გამოამჟღავნა, რა მიმართულებები ამოაგდო და რა დამამძიმებელი გარემოებები გამოავლინა, ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ გვაქვს. ამიტომ არ გვინდა, რომ დებატებში შევიდეთ საგამოძიებო სტრუქტურებთან ისე, რომ ინფორმაციას არ ვფლობდეთ. ეს თემა მარტო საქართველოში კი არ არის დახურული, რუსეთისა და თურქეთის მედიასა და სპეცსამსახურებშიც დახურულია. გაგიკვირდებათ და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებშიც კი გასაიდუმლოებულია ეს თემა.
– გამორიცხავთ, რომ, თუ ხელისუფლებას ეს საქმე უკვე გამოძიებული აქვს, მის გასაჯაროებას კონკრეტული მომენტისთვის ინახავდეს?
– რა თქმა უნდა, არც ეს არის გამორიცხული. სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს. მის უსაფრთხოებას იცავს სპეცსამსახური, რომელსაც თავისი ტაქტიკა აქვს. მათი მეთოდიკა არ არის სულსწრაფობა. მიზანია შედეგზე გასვლა. ამიტომ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ისინი გარკვეულ დროს ელოდნენ. ახლა, თუ დამნაშავეები მიუწვდომლები არიან, საქმის შედეგების ამ ეტაპზე გამჟღავნება ქვეყნის უსაფრთხოებასაც შეუქმნის პრობლემას მათი მხრიდან”, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები