გიორგი სვანიძე: ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესებია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მუნიციპალიტეტის მერთან, ზამურ ჭითანავასთან ერთად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილეს, გიორგი გიორგობიანს შეხვდა.

„სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დაბა კაზრეთში, სოფელ ბალიჭსა და ტანძიაში სასმელი წყლის უწყვეტი, ხარისხიანი მიწოდებისა და წყალარინების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე, რათა მოსახლეობამ კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისით ისარგებლოს.

გიორგი სვანიძის განცხადებით: „ჩვენი მთავარი მიზანია, პროცესი ისე წარიმართოს, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს, თუმცა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესებია“.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისში წყალარინების სისტემის პროექტი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დასრულდა. შედეგად, ქალაქის გარკვეულ ნაწილში მოწყობილი ახალი ქსელი დღემდე დაუსრულებელია და ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სამუშაოების გაგრძელებისა და დასრულების მიზნით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დაბა კაზრეთის თემის მაჟორიტარი ზვიად ჯაყელი, საკრებულოს წევრი ირაკლი კოდელაშვილი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და წყალმომარაგების კომპანიის სხვა წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები