შარლ ბოდლერის 100 ლექსი და ლელა გაბურთან შეხვედრა

28 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, მედიათეკა და გამომცემლობა „მერიდიანი“ ლელა გაბურთან შეხვედრას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პოეტი და მთარგმნელი, ლელა გაბური წარმოადგენს შარლ ბოდლერის 100 ლექსის საკუთარ თარგმანს ქართულ ენაზე, რომელიც სულ ახლახან  „მერიადიანმა“ გამოსცა.
შეხვედრა ჩატარდება ქართულ ენაზე და მას საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა ხუთშაბათს, 28 ნოემბერს 18სთ-ზე უმასმინძლებს.
პოეტი, მწერალი, 1998 წლის ლიტერატურული პრემიის და ანა კალანდაძის პრემიის ლაურეატი ლელა გაბური რელიგიის ისტორიის და ტრადიციული მედიცინის საკითხების შემსწავლელი რამდენიმე ნაშრომის ავტორია. 2016 წელს ფრანგულ ენაზე გამოიცა ლელა გაბურის პოეტური კრებული „აი, იმ გზამდი“…  («Voilà, jusqu’à ce chemin… »), რომლის პრეზენტაცია ქალაქ ნიცაში გაიმართა. კრებული სალომე ორდანიანცმა თარგმნა, ხოლო რედაქტირება გიორგი ეკიზაშვილს ეკუთვნის.
ლელა გაბურის ნაშრომები თარგმნილია რუსულ და ფრანგულ ენებზე.
თბილისიდან თავის მშობლიურ კუთხეში — ხევსურეთში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, ლელა გაბურმა საზოგადოება ,,ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის» დააარსა, რომლის ფარგლებშიც მან ხევსური ახალგაზრდებისთვის არაერთი პროექტი განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები