ირაკლი ქადაგიშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება აჩვენებს, რომ ზუსტად ანალოგიურ პოზიციას ახმოვანებდა საქართველო, როცა ამბობდა, რომ არასამთავრობოები იქცნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტებად

“სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება აჩვენებს, რომ ზუსტად ანალოგიურ პოზიციას ახმოვანებდა საქართველო, როცა ამბობდა, რომ არასამთავრობოები იქცნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტებად,”- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

 

„როცა მათი დაფინანსების გამჭვირვალობა მოვითხოვეთ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ. რატომ წავიდნენ? – ეს ყველაფერი უკვე ზედაპირზე დევს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ – პოლიტიკური მანიპულაციის, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩარევის და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტზე ზემოქმედების იარაღები. საქართველოსთან მიმართებით კი ითქვა, რომ აქციების დაფინანსება ორგანიზებული იყო. მთელი პარადოქსი ის იყო, რომ ხალხი თავისუფლების მოთხოვნით გამოჰყავდათ და ის არ უნდა გაგვეგო, ამ ყველაფერს თუ ვინ აფინანსებდა. ეს ყველაფერი საქართველოზე მძიმედ აისახა, თუმცა კარგია, რომ ჩვენ ამას გავუმკლავდით. კარგია, რომ ამერიკა ამ მავნე პრაქტიკას უკვე ოფიციალურ დონეზე აღიარებს და გმობს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, განსაზღვრავს 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები