“შიდა ჩარევები არის ის პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათი შექმნის ძირითად პრინციპებს, რომ უზრუნველყონ მშვიდობა” – ლაშხი
„სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში და ის ძირითადი გზავნილები, რაც აქ არის ასახული, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ სწორ მიდგომასა და პოლიტიკას, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო საქართველომ და რომელიც იყო დიდი კრიტიკისა და განხილვის საგანი”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი აცხადებს.
ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ, სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას ეხმიანება.
“შიდა ჩარევები – ეს არის ის პრაქტიკა და სამწუხარო რეალობა, რომლის წინაშეც დღეს დადგა მსოფლიო და რომელსაც ახორციელებენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათი შექმნის ძირითად პრინციპებს, რომ უზრუნველყონ მშვიდობა და სუვერენიტეტის პატივისცემა.
კიდევ ერთხელ ვხვდებით, რამდენად სწორი, ფრთხილი და წინდახედული ნაბიჯები იყო გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ჩვენ შიდა ჩარევებზე კანონები გავამკაცრეთ“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რომელიც 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას განსაზღვრავს, საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართვა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს უწყობს ხელს.