პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვართან აქციას გამართავენ
პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვართან, „მედიკ-შეგინის“ სასაზღვრო პუნქტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
როგორც უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იტყობინება, ამის შესახებ მათ პოლონურმა მხარემ აცნობა.
პოლონელი ფერმერების აქცია 23 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათიდან იგეგმება.
პოლონელი მებაჟეების განცხადებით, დემონსტრანტები სამგზავრო ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს ორივე მიმართულებით გაატარებენ. შეზღუდვები შეეხება სატვირთო ტრანსპორტს.
უკრაინაში ყოველ ერთ საათში თითო სატვირთოს გაატარებენ, უკრაინიდან კი 3,5 ტონაზე მეტი სიმძიმის სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებას მთლიანად დაბლოკავენ.
პოლონელი ფერმერები ქვეყანაში უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანას აპროტესტებენ.