“34 მოღალატე” – ზელენსკიმ უკრაინის ყოფილ პრემიერს, სახალხო დეპუტატებს, პროკურორებსა და რუს მომღერლებს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის 34 მოღალატისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განკარგულებით ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინის მოღალატეებისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ.
სია მოიცავს ყოფილ თანამდებობის პირებს, მათ შორის: სახალხო დეპუტატებს, უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელებს, პროკურორებს, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, რუს პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურის სფეროს მოღვაწეებს.
უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები ყველა მათგანს განუსაზღვრელი ვადით ჩამოერთვა.
იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც უკრაინის სახელმწიფო ჯილდოს გარეშე დარჩნენ არიან: უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი, ვიქტორ მედვედჩუკი და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი.
სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვათ რუს მომღერლებს: ნიკოლაი ბასკოვს, ფილიპ კირკოროვს, ალექსანდრე მალინინს, რუს კომპოზიტორს იგორ კრუტოის, ასევე მომღერლებს ანი ლორაკსა და ტაისია პოვალის.