ვიქტორ ორბანი – “ნეთანიაჰუს უნგრეთში მოვიწვევ და გარანტიას ვიძლევი, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი არ შესრულდება”

Hungarian Prime Minister Viktor Orban gestures as he addresses an annual press conference in Budapest on December 21, 2022, prior to the government's last meeting of the year 2022. (Photo by Attila KISBENEDEK / AFP)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ისრაელელ კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუს ქვეყანაში მიიწვევს და გარანტიას იძლევა, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი არ შესრულდება,- ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ორბანმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC-ის) დაკავების ორდერი არასწორია და აღნიშნა, რომ ისრაელის ლიდერი უნგრეთში ადეკვატური უსაფრთხოების პირობებში მოლაპარაკებების წარმოებას შეძლებს.

„დღეს მე მოვიწვევ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ნეთანიაჰუს უნგრეთში ვიზიტისთვის და ამ მოწვევით გარანტიას მივცემ, რომ თუ ჩამოვა, ICC-ის გადაწყვეტილებას უნგრეთში არანაირი ეფექტი არ ექნება და ჩვენ არ დავიცავთ მის შინაარსს“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები არ იჩენენ წინდახედულობას, როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება. მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ცინიკურია, რადგან ის პოლიტიკური მიზნებით ერევა მიმდინარე კონფლიქტში.

შეგახსენებთ, ღაზას კონფლიქტში სავარაუდო ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე, „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაკავების ორდერები გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები