პირველი ფერადკანიანი პილოტი ქალი — ბესი კოულმენის ისტორია
იმ დროს, როდესაც ცაზე კაცები დომინირებდნენ და რასობრივი ბარიერები ლამის ღრუბლებს აღწევდა, ბესი კოულმენმა ფრენაზე ოცნება გაბედა. ის იყო პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც პილოტის ლიცენზია მიიღო, მისი ცხოვრება კი, ამბიციებისა და საზღვრების რღვევის ისტორიად იქცა. გარდა ამისა, მისმა გამბედაობამ მომავალ თაობებსაც გაუხსნა გზა.
1892 წელს ტეხასის სოფელში დაბადებული ბესი კოულმენი ადრეული ასაკიდანვე განიცდიდა სიღარიბესა და დისკრიმინაციას. შანსების სიმწირის მიუხედავად, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ცხოვრებაში რაღაცისთვის მიეღწია. კოულმენი წარჩინებული მოსწავლე იყო, ყოველდღე ფეხით კილომეტრებს გადიოდა სკოლაში მისასვლელად, რამაც მას დამოუკიდებლობის განცდა გაუძლიერა და ბრძოლისუნარიანობა შემატა.
როდესაც 20 წლის გახდა, ჩიკაგოში გადავიდა, სადაც მანიკიურის სპეციალისტად მუშაობდა და ხშირად ისმენდა ამაღელვებელ ისტორიებს, პირველი მსოფლიო ომის მფრინავების შესახებ. ამ ისტორიებით მოხიბლულმა გადაწყვიტა, რომ თავად გამხდარიყო მფრინავი, რაც, ცხადია, მე-20 საუკუნის დასაწყისში ფერადკანიანი ქალისთვის ძალიან თამამი ამბიცია გახლდათ.
თუმცა, კოულმანმა მალე აღმოაჩინა, რომ, რასისა და სქესის გამო, არც ერთი ამერიკული ფრენის სკოლა არ მიიღებდა. ამიტომაც, ფრანგული ისწავლა და 1920 წელს საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც Caudron Brothers-ის პრესტიჟულ საავიაციო სკოლაში ჩაირიცხა.
1921 წელს ბესი კოულმანმა მიიღო პილოტის ლიცენზია საერთაშორისო ავიახაზების ფედერაციისგან და გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც ამ წარმატებას მიაღწია. თუმცა, ამით არ გაჩერებულა – მას სურდა უმაღლესი დონის პილოტი ყოფილიყო და ეს მოახერხა კიდეც.
შეერთებულ შტატებში დაბრუნებულმა კოულმანმა მაყურებელი თავისი გაბედული საჰაერო წარმოდგენებით აღაფრთოვანა. მისი საჰაერო შოუები ნამდვილ სენსაციად იქცა და მფრინავს მეტსახელი „დედოფალი ბესი“ აჩუქა.
მოგვიანებით, კოულმენის მიზნები კიდევ უფრო შორს წავიდა. მას სურდა, შთაეგონებინა სხვები, განსაკუთრებით კი, აფროამერიკელები. ის მათ მოუწოდებდა და საკუთარი მაგალითითაც აჩვენებდა, რომ აუცილებლად უნდა ებრძოლათ თავიანთი ოცნებების ასასრულებლად.
სამწუხაროდ, ბესი კოულმენის სიცოცხლე 1926 წელს ტრაგიკულად შეწყდა. 34 წლის ასაკში პირველი ფერადკანიანი ქალი პილოტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.