დნეპროპეტროვსკის ოლქში აკრძალული ქიმიური ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) განაცხადა, რომ უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების კვალი აღმოაჩინა.
ორგანიზაციის ცნობით, სავარაუდო ინციდენტი 20 სექტემბერს, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ილინკას მახლობლად მოხდა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, „აჯანყების კონტროლის ტექნიკა“ გამოიყენეს.
OPCW-მ ინციდენტის ადგილზე მტკიცებულებების შეგროვებისა და სიტუაციის გაანალიზების მიზნით ექსპერტები გაგზავნა.
„OPCW-ის ანგარიში უკრაინაში ტექნიკური მისიის ვიზიტის შესახებ ადასტურებს ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების 2-ქლორობენზილიდენ მალონონიტრილის არსებობას, რომელიც ცნობილია როგორც CS და რომელიც დაკავშირებულია სავარაუდო ინციდენტთან, რომელიც მოხდა … დნეპროპეტროვსკის ოლქში 2024 წლის 20 სექტემბერს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.