სლოვაკეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
სლოვაკეთში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რობერტ ფიცოს მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.
მათ ეჭირათ პლაკატები წარწერით „მთავრობა გვართმევს თავისუფლებასა და დემოკრატიას.“
ოპოზიციური პარტია „პროგრესული სლოვაკეთის“ თავმჯდომარემ, მიხალ შიმეჩკამ, რომელიც ამჟამად ქვეყნის ყველაზე პოპულარული პარტიაა, განაცხადა, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად.
„სლოვაკეთი არის და იქნება თავისუფალი ადამიანების ქვეყანა, ხოლო თავისუფალი ადამიანები არ გაჩუმდებიან“, – განაცხადა შიმეჩკამ.