გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ ვხედავთ ქვეყნის შეუქცევად პროგრესს საერთაშორისო რეიტინგებში – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025-2028 წლებში, რეგიონსა და ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება

ჩვენ ვხედავთ ქვეყნის შეუქცევად პროგრესს საერთაშორისო რეიტინგებში, მმართველობის ეფექტურობის თუ დაბალი კორუფციის მიხედვით, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, უახლოეს 2025-2028 წლებში, საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება.

„ევროპის ლიბერალური ელიტა, რომ შოკირებულია აშშ-ში ტრამპის და რესპუბლიკელების ტრიუმფის შემდეგ, მათი წინასაარჩევნო განცხადებებითაც კარგად ჩანს, როდესაც არა თუ მხარს დემოკრატებს უჭერდნენ, არამედ ტრამპს სულაც მიუღებელ და „მარგინალურ პოლიტიკოსად“ წარმოაჩენდნენ.  იგივე ითქმის მათ პოზიციაზე საქართველოსთან მიმართებითაც, დარწმუნებული იყვნენ რა ოპოზიციის გამარჯვებაში. როგორც იტყვიან, ჯერ კიდევ არ განელებულა 8 ქვეყნის ევროპარლამენტართა ვიზიტი საქართველოში და აშკარა იმედგაცრუების მიუხედავად, რაც შეთხელებული და მცირერიცხოვანი საპროტესტო ელექტორატის დახვედრით იყო გამოწვეული, ოპოზიციის ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერის პირობებში, ახლა სასწრაფო წესით საქართველოს საკითხის განხილვას  ევროპარლამენტში სპეციალურ სესიაზე აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ჩანიშნულია ევროპარლამენტის დებატები საქართველოში „დემოკრატიის უკუსვლაზე“, რა დროსაც ბუნებრივია „ტოტალურად გაყალბებული“ არჩევნების თემა ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება და რომელიც რეზოლუციით უნდა დასრულდეს.

მიმაჩნია, რომ ასე დაჩქარებული წესით საქართველოს საკითხზე ფოკუსირება არ არის შემთხვევითი. ცნობილია, რომ 21 ნოემბერს გამოცხადდება ცესკო-ს საბოლოო მონაცემები არჩევნებში პოლიტიკურ სუბიექტთა მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, ხოლო არჩევნების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი ვერდიქტი ეუთო/ოდირის დასკვნას ექნება, როგორც ევროპის, ისე აშშ-ის მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარება/არაღიარებისათვის.

აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტში გასამართი სხდომის და მისაღები რეზოლუციის მთავარი დანიშნულებაც სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნაზე პოლიტიკური ზეწოლა უნდა მივიჩნიოთ, როგორც დასწრებაზე თამაშის ნაწილისა. დიდი მიხვედრა არ სჭირდება ამ რეზოლუციის ტექსტის შინაარსის წინასწარ განჭვრეტას, სადაც „დემოკრატიის უკუსვლა“ გაყალბებული არჩევნების თემატიკით იქნება გაჯერებული, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ოპოზიციამ ვერც საარჩევნო კომისიებში თუ სასამართლოებში და ვერც პროკურატურაში ვერცერთი სერიოზული სამხილი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე ვერ წარმოადგინა. მათი საპროტესტო ელექტორატის ასე შეთხელებული რიცხოვნობაც დიდწილად ამის შედეგია.

არანაკლებ მნიშვნელოვან ასპექტად უნდა მივიჩნიოთ „შედეგების არაღიარების და მთავრობის საერთაშორისო იზოლაციის ფონზე“, რაზეც კეთდება აქცენტები, ეკონომიკურ სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაც უკვე ეკონომიკური კრიზისის პროვოცირებით. თუ დღეს არსებული სიტუაცია და მაკროეკონომიკური ფაქტორები, მიუხედავად  დაძაბული საერთაშორისო პოლიტიკური სტილისა და საპროტესტო გამოსვლებისა, ინარჩუნებს დადებით რელევანტურობას (მარტო ოქტომბერში ექსპორტი გაზრდილია სარეკორდოდ 38 %-ით, გვაქვს დაბალი 3 %-იანი ინფლაცია, ხოლო ზრდის წლიური პროგნოზი ორნიშნა ციფრებთან ახლოს იქნება მინიმუმ 9-10 %-ის ფარგლებში, ხოლო წამყვანი ქართული კომპანიების აქციების ფასი მარტო ბოლო ერთ თვეში 19-23 %-ით არის გაზრდილი, რაც ინვესტორთა პოზიტიურ მოლოდინზე მიუთითებს), თუ ეუთო/ოდირის დასკვნა ამ ზეწოლის შედეგად საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ჩათვლის, არასამართლიანად და არათავისუფალად, ამან მომავალში ეკონომიკურ პარამეტრებზე შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს, მათ შორის პირველ რიგში ინვესტორთა განწყობაზე და სავალუტო კურსზეც, რადგან უკვე ფუნდამენტური ეკონომიკური კრიზისის ფონზე რეზერვების ხარჯვის ეფექტურობა იკლებს, რასაც ლარის დევალვაცია და ფასების ზრდა უნდა მოჰყვეს.

მესამე ასპექტი არის ზეწოლის გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების ფონზე, ახალი არჩევნების დასანიშნად და რაც არის ამ რეზოლუციის მიღების დედააზრიც. ბუნებრივია, მათი გათვლით ამ კრიზისული სცენარისას „ქართულ ოცნებას“ ძალზე გაუჭირდება მოგება, არჩევნები თავადაც, რომ ჩაატაროს. ამიტომაც არის მთლიანად გარე დაკრულზე მოცეკვავე ოპოზიცია ჯერჯერობით თავს, რომ იკავებს პარლამენტში შესვლისაგან და არა რაიმე პრინციპების ან ღირებულებების გამო და სიების ჩახსნის ბლეფსაც მალე ვიხილავთ.

ბევრი რამ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე და თავად ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე იქნება დამოკიდებული, არა მგონია, ეუთო/ოდირმა ამ შეცვლილ გლობალურ კონტექსტში პოლიტიკიდან მიმავალ პოლიტელიტის დაკრულზე ითამაშოს, დრო იცვლება და არა მემარცხენე ლიბერალთა სასარგებლოდ. ამიტომაც არიან ასე მწყობრიდან გამოსულები. ისე არა მგონია ევროპარლამენტში დებატებმა მინორულ ნოტაზე ჩაიაროს, ლიბერალთა სიმრავლის მიუხედავად.

ჩვენ ვხედავთ ქვეყნის შეუქცევად პროგრესს საერთაშორისო რეიტინგებში, მმართველობის ეფექტურობის თუ დაბალი კორუფციის მიხედვით, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, უახლოეს 2025-2028 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.

ახალი წელი და იანვარიც მალე მოვა, არ შეგეშინდეთ მომავლის!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები