გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით “გორის ფოტოგრაფთა კლუბმა” სპორტული კატალოგი “მოგვერდი” დაბეჭდა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით “გორის ფოტოგრაფთა კლუბმა” სპორტული კატალოგი “მოგვერდი” დაბეჭდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კრებული აერთიანებს ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატებზე გადაღებულ ფოტოებს.
წიგნში წარმოდგენილია იმ შეჯიბრებების ფოტოები, რომლებშიც მონაწილეობას გორელი სპორტსმენები იღებდნენ.
ნამუშევრების ავტორი გორელი ფოტოგრაფი ლევან ახალკაცია. წიგნში 2015 წლიდან დღემდე გადაღებული 200-მდე ფოტოა განთავსებული.
ახალკაცის თქმით, მოხარულია, რომ მისი ნამუშევრები ერთ კრებულში გაერთიანდა.
“ძალიან მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები ერთ კრებულში გაერთიანდა. პროექტი გორის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მაშინ როცა ამ ფოტოებს ვიღებდი, ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი. სპორტულმა ფოტოგრაფიამ 2015 წლიდან გამიტაცა. დღემდე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ათობით მასშტაბური სპორტული ღონისძიება მაქვს გადაღებული. ბედნიერი ვარ, რომ მეც შევიტანე პატარა წვლილი ჩემი ქალაქის სპორტული წარმატებების ისტორიის შექმნაში”, – აღნიშნა ლევან ახალკაცმა.
პროექტის ფარგლებში დიდ ფორმატზე დაიბეჭდა გორელი ტიტულოვანი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების 30 გამორჩეული ფოტოც. ნამუშევრები სპორტულ სკოლებს გადაეცათ.
გარდა ამისა, მომზადდა 10 ვიდეორგოლი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების შესახებ, რომლებიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება სოციალური ქსელის საშუალებით.
პროექტი გორის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.