კახა კალაძე: მაქსიმალურად არის იმის მცდელობა, რომ როგორმე მოახერხონ ქვეყანაში არეულობა, თუმცა ამის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ
მცდელობა არის მაქსიმალურად იმის, რომ როგორმე მოახერხონ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა, თუმცა არანაირი რესურსი ამის არ გააჩნიათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, გადაცემაში „იმედი LIVE“, ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ხედავს რამდენად ყალბია ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები, რადგან ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების მიუხედავად, პროკურატურაში მტკიცებულებების წარდგენა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.
„ქვეყანაში არ არსებობს მუხტი იმისა, რომ მოხდეს რევოლუცია, გადატრიალება. ამის საფუძველი უნდა არსებობდეს. და როდესაც ეს ყველაფერი ყალბია, რაზეც საუბრობენ, რაზეც მიუთითებენ, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს გაყალბების. ხალხი ამას ხომ გრძნობს, ხომ უყურებს ამას, იგივე ის უცხოელებიც ხომ უყურებენ ამას?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მუქარებს პარლამენტის პირველი სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით, ის არ აპირებს გააკეთოს შეფასებები „ისეთი სასაცილო ადამიანის განცხადებებზე, როგორიც გვარამიაა“.
კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, თუმცა ეს არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს.