კახა კალაძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: ეს ძალები მტრობენ ჩვენს ქვეყანას, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან

ისინი [ოპოზიცია] იყვნენ თუ არა პარლამენტში, ამას არსებით მნიშვნელობა არასდროს ჰქონია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

დედაქალაქის მერი გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით.

„ეს მათი უფლებაა და ასეთი განცხადებები ძალიან ბევრი გვინახავს. 2020 წელს ხომ გახსოვთ რა განცხადებები კეთდებოდა – ამბობდნენ პუფები უნდა ვიყოთ პარლამენტში რომ შევიდეთო, მაგრამ ძალიან მალე ვიხილეთ, რომ პარლამენტში შევიდნენ. როდესაც ჩვენ ვაფასებთ მტერს, მნიშვნელოვანია სწორი ანალიზი გავაკეთოთ – გარე ძალებმა ძალიან მაგრად იმუშავეს და რეალურად მზადება 2028 წლისთვის მიმდინარეობს. კარგად იცოდნენ, რომ ამ არჩევნებზე არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და მცდელობა იყო საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ნაციონალური მოძრაობა კი არის მძიმე წარსულის მქონე პარტია, მაგრამ არის ახალი პარტიებიც. იმ ბოროტების მანქანის დროს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, ყველა – გვარამიას, ხაზარაძეს, მელიას, თავიანთი ფუნქცია ჰქონდათ. ისინი იყვნენ თუ არა პარლამენტში, ამას არსებით მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. ქვეყანა წინ მიდიოდა, გვქონდა მშვიდობა. რა თქმა უნდა ეს ძალები მტრობენ ჩვენს ქვეყანას, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. როდესაც აგენტი ხარ, წარმოუდგენელია საუბარი სამშობლოზე. მათთვის ჩვენი სამშობლო უბრალოდ ტერიტორიაა“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები