აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დიდუბის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია დიდუბის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის, დიდუბის რაიონის გამგეობისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით განხორციელებული პროგრამები, მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, დევნილთა საჭიროებების შესაბამის სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.
„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი შეხვედრების შედეგად, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი ჩვენმა სამინისტრომ უკვე განახორციელა.
რა თქმა უნდა აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე მდგარი ყველა გამოწვევის მოგვარება მცირე დროში ძალიან რთულია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში ერთად შევძლოთ ძირითადი კრიტიკული საკითხების გადაწყვეტა“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.