სამტრედიაში მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტის ფარგლებში სამტრედიაში მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
“მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 450 მოსწავლეზე გათვლილი მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს.
სკოლის მშენებლობის პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, თინათინ ხარძიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება.
ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მე-12 საჯარო სკოლას. სრულად რეაბილიტირდა ჩხენიშის საჯარო და სამტრედიის პირველი საჯარო სკოლები. რეაბილიტირდა მე-2 საჯარო სკოლასთან შერწყმული საგანმანათლებლო დაწესებულება. აღნიშნული სკოლები შშმ პირთათვის არის ადაპტირებული და ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია”,- წერია ინფორმაციაში.