რომან კაკულია: ოპოზიცია გეოპოლიტიკურ ილუზიაში აცხოვრებს საზოგადოებას
არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ დასავლეთისკენ აღარ მივდივართ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ კი აღარ მივდივართ, დასავლეთი ვეღარ ფართოვდება აღმოსავლეთით იმის გამო, რომ რუსეთის ფაქტორი გაიზარდა,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ეს არასამთავრობოები რატომ გახდა პრობლემა? იმიტომ, რომ რეალობა შეიცვალა, რომელსაც ისინი არ აღიარებენ. ჩვენც მოგვწონდა ეს და ჩვენც გვინდოდა, გავმხდარიყავით იმ რაღაც ცხოვრების სტილის ნაწილი, რადგან გვეგონა, იქ ყველაფერი მარტო საუკეთესოა, მაგრამ აქ მოხდა სულ სხვა რამ. რუსეთმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ის აღარ მიიღებს ამ გაფართოებას ისე, როგორც იღებდა 1999-ში და 2004-ში; დააფიქსირა, აღმართა ეს კედელი. ჩვენ და უკრაინა ვიყავით, სადაც უნდა გასულიყო ეს გაფართოება, მაგრამ მენტალური ომი აქ დიდი ხნის წინ იყო დაწყებული, ხალხი უკვე იმას ეკუთვნოდა და ახლა, როდესაც ეს კედელი აღიმართა, ჩვენ უკვე დავინახეთ, როცა შევეხეთ; მივხვდით, რომ ეს რაღაც სხვა რეალობაა და, მგონი, იქ ვეღარ მივდივართ, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის 50% იქ არის უკვე. ჩვენ ვერ მივდივართ იქ, რადგან რუსეთის ფაქტორი გახდა ასეთი. უბრალოდ, რუსეთმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო, მაგალითად, 1999 წელს, როდესაც ნატო-ს წევრებით პირველი გაფართოება მოხდა. მერე ისევ ვერ შეძლო 2004 წელს, როდესაც პოლონეთი, რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვები შეუერთდნენ ნატო-ს. მაგრამ შემდეგ, 2008 წელს პირველი გამოხმაურება ჩვენ ვიყავით, 2014 წელს – უკრაინა და მერე უკვე თქვა: მე უკვე შემიძლია, ეს გავაჩერო. ახლა მართალია, არ არის მართალი, ეს უკვე სხვა საკითხია. უბრალოდ, თქვა, მორჩა, ვეღარ წამოხვალთ ამის იქითო. ჩვენ დავინახეთ ეს სხვა რეალობა, ამ დროს კი აქ გვყავს ეს არასამთავრობო სექტორი, რომელსაც ამის დანახვა არ უნდა. ამბობს, ვითომ არაფერი არ შეცვლილა, არადა, ეს შეიცვალა. შენ გჭირდება, აქედან გამომდინარე, სხვანაირად იმოქმედო“,- განაცხადა კაკულიამ.
მისივე თქმით, ოპოზიცია გეოპოლიტიკურ ილუზიაში აცხოვრებს საზოგადოებას.
„ფუტურიზმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ხელოვნებაში და ლიტერატურაში იდეალური რაღაცები შეუქმნია, მაგრამ პოლიტიკაში ფუტურიზმი როგორ შეიძლება? არადა, ფუტურიზმია ეს, როდესაც შენ ქმნი იდეალურ მოცემულობას და არც კი გაინტერესებს, მისასვლელი გზები როგორია ან რა წინააღმდეგობები შეიძლება არსებობდეს. თავის თავს იდეალისტებს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ფუტურისტები არიან“,- განაცხადა კაკულიამ.