“ყველა, ვინც იტყვის, რომ რუს ოკუპანტს, მკვლელს, სეპარატისტს მიემართება ბოდიში, ის არის მატყუარა” – მდინარაძე
“ყველა, ვინც იტყვის, რომ რუს ოკუპანტს, მკვლელს, სეპარატისტს მიემართება ბოდიში, ის არის მატყუარა”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი ბოდიშის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში.
„ბოდიში მიემართება ურთიერთპატიების შემთხვევაში ჩვენი თანამოძმე ოსი და აფხაზი ეროვნების ადამიანების მიმართ. აქ საუბარი არ არის მკვლელზე, ყაჩაღზე, ოკუპანტზე, სეპარატისტზე. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც, მაგალითად, შვილი მოუკლეს – ორივე მხარეს; რომლებსაც ოჯახის წევრი მოუკლეს. თუ დავიწყეთ გარჩევა, აქ რომელი იყო ქართველი, რომელი იყო ოსი და ა.შ. ვერასდროს შევრიგდებით. ურთიერთ მიტევება მოითხოვს შერიგების განუყრელ პოლიტიკას, სადაც ურთიერთ მიტევება და შერიგება იქნება დომინანტი, გადამწყვეტი საქართველოს ტერიტორიებისა და ხალხის გაერთიანების პროცესში. ამიტომ უნდა შევძლოთ ურთიერთ მიტევება და არა მკვლელების პატიება, მით უმეტეს ბოდიში არც უგულისხმია არავის, არც იგულისხმებს არასოდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.