საქართველოში სავიზო პოლიტიკა შესაძლოა, გადაიხედოს

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ, თუ რაიმე ხარვეზი გამოიკვეთა, მთავრობა მას გაასწორებს. პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ შეხვედრა გაიმართა.
“ჩვენ გუშინ შევიკრიბეთ, რადგან კიდევ უფრო კარგად გავაანალიზოთ ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ, თუკი რაიმე ხარვეზები გამოიკვეთება, ჩვენ აუცილებლად გავასწორებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოში 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი. კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, გაუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს.
საქართველოს ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. 1-ელი სექტემბრიდან საქართველოს ვიზა 50 აშშ დოლარი ეღირება. “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, სხვადასხვა ტიპის ვიზაზე განსხვავებული ფასები მოქმედებდა, თუმცა ამიერიდან არც ქვეყნების და არც ვიზის ტიპის მიხედვით დიფერენციაცია არ იქნება. “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” ახალი კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტში მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბერალური სავიზო პოლიტიკის შეცვლის და ე.წ. დაბალანსებულ სავიზო პოლიტიკაზე გადასვლის მიზეზად მიგრაციული პროცესების მართვის აუცილებლობას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები