“აჭარის რეგიონში უხვი ნალექის სახით მაღალმთიან რაიონებში დაახლოებით 2 მეტრს მიაღწია თოვლის საფარმა, ხოლო დაბალ ზონებში დაახლოებით 1 მეტრს. აქტიურად არის ჩართული ყველა უწყება თოვლის საფარისაგან, როგორც გზის გაწმენდის სამუშაოებში, ასევე ენერგო მომარაგების, გაზმომარაგების და ყველა სხვა მიმართულებით”, – ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ცინარიძემ „დღის ქრონიკასთან“ ჩართვისას ისაუბრა.
„რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა უხვმა ნალექმა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ისევე როგორც ცენტრალური საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური სამსახურები, აქტიურად არიან ჩართული გზების წმენდის სამუშაოებში.
პირველ რიგში აქცენტს ვაკეთებთ ცენტრალური საავტომობილო გზების გაწმენდაზე, მათ შორის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებამდე მისასვლელი გზების გაწმენდაზე და პარალელურ რეჟიმში ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებთან და ენერგო-პრო ჯორჯიას ბრიგადებთან აქტიური კომუნიკაციის ფარგლებში, ისეთ მიმართულებებზე ვახდენთ რეაგირებებს და თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოებს, სადაც პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან, ენერგომომარაგებასთან, ან გაზმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები გვხვდება.
აჭარის რეგიონში გვაქვს მაღალმთიანი სოფლების ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში, სადაც საკმაოდ სირთულესთან არის დაკავშირებული სპეც. ტექნიკის გადაადგილებაც, ვინაიდან თოვლის საფარი საკმაოდ მაღალია. თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში იქ, სადაც რაიმე სახის პრობლემები აქვს ჩვენს მაცხოვრებლებს, ყველგან მოვახერხეთ მისვლა.
ვისარგებლებ თქვენი ეთერით და მოვუწოდებ მძღოლებს, რომ აუცილებლობის გარეშე ნუ გამოიყენებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ნუ გადაადგილდებიან, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გამართული ავტო ტრანსპორტით, შესაბამისი ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილდნენ, რაც რა თქმა უნდა შეამსუბუქებს მდგომარეობას და საფრთხეს არ შეუქმნის სხვა მგზავრებს“, – აღნიშნა ცინარიძემ.