შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მოწვევა იმ შემთხვევაში არის ფორმალური, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პარლამენტს, თავად პარლამენტია ვალდებული შემაჯამებელი ოქმის მიღებიდან ათი დღის ვადაში შეიკრიბოს

“ცესკოსგან შემაჯამებელი ოქმის მიღების მერე, არაუგვიანეს მეათე დღისა, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. პრეზიდენტის მიერ მოწვევა იმ შემთხვევაში არის ფორმალური. თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პარლამენტს, თავად პარლამენტია ვალდებული, რომ შეიკრიბოს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის შეკრების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება.

„ვრცელდება დეზინფორმაცია პარლამენტის შეკრების შესახებ, რომელიც ახლაც მოვისმინე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მხრიდან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” არის სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საარჩევნო მიზანი, ეს დაადასტურა სასამართლომაც, ვხედავთ მათ ჩართულობას პოლიტიკური მიზნით ამ პროცესში და ახლა, როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ საქართველოს პარლამენტის საბოტაჟი წაახალისონ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა, რომ თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტი ვერ შეიკრიბება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა” არის უცხოეთიდან დაფინანსებული, მისი ყველაზე დიდი დონორი არის შვედეთის სახელმწიფო. ეს დეზინფორმაცია ან საერთაშორისო გამჭვირვალობამ უარყოს ან მისმა დონორმა, ვინაიდან ზუსტად ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან ხოლმე მაღალი კათედრიდან დეზინფორმაციის შესახებ.

ველოდებით ცესკოსგან შემაჯამებელ ოქმს, მას შემდეგ, რაც იქნება შემაჯამებელი ოქმი, უკიდურესი ვადა 21 ნოემბერია, თუმცა, მაინც ყველაფერი დამოკიდებულია პროცესებზე, რომელიც მიდის საჩივრებზე და ა.შ. ამის შემდეგ, კონსტიტუციაში ჩაწერილი კანონით, არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. შესაკრებად პარლამენტს იწვევს პრეზიდენტი და ეს ორი პუნქტია აქ მნიშვნელოვანი. პრეზიდენტის მიერ მოწვევა ამ შემთხვევაში არის ფორმალური. თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პარლამენტს, თავად პარლამენტია ვალდებული, რომ შეიკრიბოს. სხვანაირი განმარტება ამ ყველაფრის არ არსებობს. სხვა ყველა განმარტება არის დეზინფორმაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები